გია ხუხაშვილი: გახარიას პარტიის პოზიციას სკანდალურად არ ჩავთვლიდი – მანდატების ჩახსნისთვის ადეკვატური მომენტი მაშინ იქნება, როცა დასავლეთი იტყვის თავის პოზიციას, ახლა განცხადების დაწერა აზრსმოკლებულია

თუ დასავლეთი საპარლამენტო არჩევნებს „ირიბად აღიარებს“ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დაიწყებს, ოპოზიცია პარტნიორის გარეშე რჩება და ის „ვერანაირ პრაქტიკულ შედეგს ვერ მიიღებს“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მანვე შეაფასა “გახარიას პარტიის” გადაწყვეტილება, მანდატების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტისთვის არ მიმართვის შესახებ.

მისი თქმით, ეს აბსოლუტურად ლოგიკური განცხადებაა.

„ეს აბსოლუტურად ლოგიკური განცხადებაა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა განცხადების დაწერაზე საუბარი აზრს მოკლებულია. ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პრაქტიკული შედეგი ამას არ მოჰყვება. აცხადო [მანდატების ჩახსნის შესახებ], ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადების ხასიათს ატარებს იმიტომ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ყველა შემთხვევაში ცნოს 150 დეპუტატის უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, ასეთი განცხადება არსებობდა თუ არა. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი. დღეს ვინ როგორ მოიქცევა, ამას რეალური სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
რაც შეეხება რამდენიმეთვიან პროცესს, ამ მოსაზრებასაც გავიზიარებდი. ეს არ არის მდგრადი პროცესი. იმისათვის, რომ ეს პროცესი, ანუ ხელისუფლების დელეგიტიმაციის მოთხოვნა წარმატებით დასრულდეს, აუცილებელია დასავლეთის მხრიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ამას დრო სჭირდება. რამდენიმე თვე შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ორი თვე ნამდვილად საჭიროა იმისათვის, რომ საბოლოოდ დაიწმინდოს სიტუაცია და ვიცოდეთ, რა პოზიციაზე არიან – თანამშრომლობენ ამ ხელისუფლებასთან, არ თანამშრომლობენ თუ ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ განცხადებას, მაინც და მაინც, სკანდალურად არ ჩავთვლიდი. პოლიტიკური ტაქტიკის თემაა და არა სტრატეგიის. ზოგს ასეთი ტაქტიკა აქვს, ზოგს ისეთი. ფაქტობრივად, ამბობენ, რომ არ აპირებენ ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, ანუ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. დანარჩენს უკვე დრო აჩვენებს,- აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ “პროცესს რამდენიმე თვე” დასჭირდეს. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები