“ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ, გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა საჭიროება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ის სამართლებრივი რეგულაციები”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ შეხვდა “ქართული ოცნება” თბილისში ჩამოსულ ევროპელ კანონმდებლებს.
“ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ და გვესმის, მიუღებელია ჩვენთვის.
ყოველთვის გვაქვს მზაობა, ღიაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის და არა მიკერძოებული დიალოგისთვის. გვყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მზად არის მოისმინოს ჩვენი არგუმენტები და ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთსტრატეგიული ინტერესების პატივსაცემ პოლიტიკას უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.