ისრაელის პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადვოკატები მისი სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადვოკატები იერუსალიმის რაიონულ სასამართლოს მიმართავენ თხოვნით, რომ კორუფციის საქმეზე ნეთანიაჰუს ჩვენება გადაიდოს.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, ამის მიზეზად პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტებია დასახელებული, რის გამოც, ადვოკატების თქმით, ჩვენებისთვის მომზადება შეუძლებელი გახდა. გეგმის მიხედვით, ნეთანიაჰუმ სასამართლოს 2 დეკემბერს უნდა მისცეს ჩვენება.
„ეს მცირე შეყოვნება საშუალებას მისცემს დაცვის მხარეს, სათანადოდ მოემზადოს ჩვენებისთვის და არ დააზიანოს საზოგადოებრივი ინტერესი“,- აღნიშნულია მოთხოვნაში.
ისრაელის მედიის ცნობით, ამჟამად ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის ოფისის გამაგრებული ბუნკერიდან მუშაობს, რაც უსაფრთხოების პროტოკოლით არის გაწერილი. შესაბამისი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ნეთანიაჰუს სახლს დრონით დაესხა თავს.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრს 2020 წელს ბრალი თაღლითობასა და ქრთამის აღებაში წაუყენეს.