“საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან რაციონალური დიალოგი დაიწყო“

    საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან რაციონალური დიალოგი დაიწყო და ისტერიული დაპირისპირების ფონი მოიხსნა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი“ -ის გადაცემაში “პოზიცია“ საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის საკითხს, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ეს თემა ამ კვირის არ არის და საკითხი პესკოვის განცხადებით დაიწყო.
“თემა არ არის ამ კვირის, არამედ რამდენიმე კვირის. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. თემა დაიწყო პესკოვის განცხადებით, მას მოჰყვა პუტინის რეპლიკა ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე. ამის მერე იყო ჩემი კომენტარი, იმის თაობაზე, რომ ასეთ შეხვედრას აქვს მნიშვნელობა, თუ არის მზაობა ყველაზე მტკივნეული საკითხები გადასაწყვეტად. ამის მერე, უკვე არის კარასინის განცხადება. დინამიკაში თუ დავაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მხრიდან საგანგებო ყურადღება დაეთმო შესაძლო შეხვედრას იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ პესკოვი, შემდეგ რეპლიკა, ეს იყო თანხვედრაში და ყველაზე დიდი ინტერესს ჩემში იწვევს უკვე ჩემს განცხადებაზე გაკეთებული კარასინის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შეხვედრის მოსამზადებლად უნდა დაიწყოს მოქმედება, ეს ჩემთვის აჩვენებს თემის სერიოზულად დასმის წინაპირობას. რომ შევხედოთ ამ დინამიკას უაღრესად პროფესიონალურად აკვირდებიან რუსი პოლიტიკოსები და უმაღლესი თანამდებობის პირები. ჩემი განცხადებები თავიდანვე და დღესაც იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს უაღრესად დაძაბული ფონი, რომ ჩვენი ხელისუფლების ტენდენციაა დაძაბულობის დეექსკალაციაა და ამავე დროს, ჩვენთვის პრინციპულია სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ჩვენი ეროვნული პოზიციის, გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ეს ის თემებია, რომლებშიც ჩვენ ვერ ვხედავთ რანაირად შეიძლება რამე მაინც იქნას დათმობილი. აბსოლუტურად პრინციპულია საქართველოს ტერიტორიების აღიარება, ამ ქვეყანას აქვს ვექტორი – ეს განცხადებები კეთდებოდა როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მან იცის , რომ საქართველოსთვის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში პრობლემები სამხედრო გადაწყვეტის ფორმატში არ განიხილება.
“ეს არის შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ამ საკითხების უაღრესად მშვიდ, რაციონალურ საკითხებში განხილვისკენ და რეალურად ვისაუბროთ იმის თაობაზე, რომ ამ სიტუაციიდან ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი. ის, რომ საქართველოსთვის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში პრობლემები სამხედრო გადაწყვეტის ფორმატში არ განიხილება, ჩვენ ეს ვიცით. ვაჩვენოთ ჩვენ იმ ადამიანებს, ვისაც ვესაუბრებით, რომ მზად ვართ, რაციონალურ კონტექსტში განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი და დღევანდელი მდგომარეობა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს ჩვენთვის – ქართველებისთვის, არანაირად არ არის მომგებიანი რუსებისთვის და ასევე არც მავთულხლართებს იქეთ დარჩენილი საქართველო მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები