“11 ივნისს უწყებებს შორის საინტერესო შეხვედრა იქნება – ევროკომისიას შესაძლებლობა ექნება, პოზიციები გაცვალოს იმ თემებზე, რაზეც შეიძლება, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას კითხვები ჰქონდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან სავიზო რეგულაციის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ბოლო პერიოდში, ამ თემით ზედმეტი პოლიტიზება ხდება და ადგილი ჰქონდა შანტაჟის იარაღად გამოყენებას. იმედია, ეს შეხვედრა და დიალოგი ხელს შეუწყობს თემის პოლიტიკური სივრციდან გამოტანას და სამუშაო ფორმატში დაბრუნებას. ჩვენი დელეგაცია მოწოდებულია, თითოეულ საკითხს საქმიანად მიუდგეს, რომელიც შეიძლება, ევროკომისიას ჰქონდეს. ევროპელების წინაშე კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციით წარვდგებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის ფარგლებში, საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება.