ფაიფურის თაიგული

       21 წლის წინ მას მოეჩვენა, რომ ცხოვრება დამთავრდა – აფხაზეთის ომში შვილი დაკარგა… დარდის გადასაყოლებლად ბევრი რამ სცადა, სანამ ერთხელ, თიხა არ ურჩიეს… მერე მოხდა პატარა სასწაული, ნელ-ნელა თიხამ მისი სევდა წაიღო და ფაიფურის ყვავილებად გაიფუჩქნა… მას შემდეგ ფაიფური ნანა მჭედლიშვილის ცხოვრების ახალ აზრად იქცა, ექიმმა ოფთალმოლოგმა საკუთარი თავი კერამიკის სამყაროში იპოვა – შეუცნობელია გზანი უფლისანი..

– სანამ უშუალოდ ფაიფურზე გადავალთ, მინდა თქვენს პროფესიაზე გკითხოთ, სად და რას საქმიანობდით?
– 
პროფესიით ექიმი ოფთალმოლოგი ვარ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფალმოლოგიის ცენტრში ვმუშაობდი მიკროქირურგად. სხვათა შორის, ქირურგიული პრაქტიკა ძალიან გამომადგა თიხასთან მუშაობაშიც, რადგან ნამუშევრებზე ხშირად მიკროინსტრუმენტებით მიწევს მუშაობა, ძალიან სათუთი და ფაქიზი სამუშაოა.
– პროფესია, რამდენადაც ვიცი, თქვენი ნებით არ გამოგიცვლიათ… როგორ მოხდა ეს?10721284_10203069822932719_1571939650_n
– 19
93 წელს აფხაზეთის ომში შვილი დავკარგე, სოხუმის აღების დროს დაიღუპა… ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ცხოვრება აღარ მინდოდა… ვცდილობდი, რამე მეკეთებინა, რომ აღარ მეფიქრა, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი… მერე თიხა მირჩიეს- ცნობილია, რომ ის უარყოფით ენერგიას შთანთქავს… ეს მე თვითონაც ვიგრძენი, როგორც კი შევეხე… თანაც რაღაცნაირი თბილი და დამყოლია… მალევე გადავწყვიტე, რომ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს, შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს. ვინც ამ დარგში მოღვაწეობს, ყველამ გულისხმიერება გამოიჩინა, ამიხსნეს ტექნიკა, მითხრეს, რა დამჭირდებოდა სამუშაოდ, მთავარი ბუნებრივია, ღუმელია, სადაც თიხა უნდა გამოიწვას.
– ორი სიტყვით, პროცესის შესახებ მოგვიყევით, რამდენად რთულია?
– 
ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაოა, თითოეული დეტალის გაკეთებას საკმად დიდი დრო და, ამასთან ერთად, ფილიგრანული სიზუსტე სჭირდება. ყვავილებს ყველაფერს ნატურალურ ზომაში ვაკეთებ. ყველაზე მეტად მაინც ძერწვა მიჭირს, სანამ ღუმელში არ გამოიწვება, არ ვიცი, როგორი გამოვა, ისეც ხდება, რომ გამოწვის დროს იმსხვრევა ხოლმე…
თავიდან სულ სხვა რამით დავიწყე, ძალიან პატარა რაღაცებით, მერე ნელ ნელა, ხომ გაგიგიათ – მადა ჭამაში მოდისო (იცინის), ჰოდა, მეც უფრო მეტის გაკეთება მომინდა, ახალი იდეები გამიჩნდა, ვცადე სხვადასხვა ტექნიკა, საბოლოოდ შევიმუშავე ტექნიკა, რომლითაც საქართველოში არავინ არ მუშაობს, ვფიქრობ, ტექნიკასთან ერთად უკვე საკუთარი ხელწერა მაქვს. მარტო იმას არ ვგულისხმობ, რომ ნამუშევრებზე (კერძოდ, ფოთლებზე) საკუთარ ანაბეჭდს ვტოვებ…
– მასალად ადგილობრივ თიხას იყენებთ?
– 
სამწუხაროდ, ქართული თიხა დაბალი ხარისხისაა და ფაიფურად ნაკლებად გამოდგება. ჩვეულებრივ თიხას 800 გრადუსი ყოფნის, ფაიფურის მასას კი გამოწვისთვის 1200-1300 გრადუსი სჭირდება. მასალას გერნანიიდან მიგზავნიან, ჩემთან სტუმრად იყო მსოფლიო კერამიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი და როცა ჩემი ნამუშევრები ვანახე, ისე მოეწონა, გერმანიიდან უსასყიდლოდ მიგზავნის მასალას. ახლაც მივიღე ახალი პარტია… ძალიან მადლიერი ვარ საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტის ზვიად კოვზირიძის, ვინც ამ კეთილშობილ ადამიანთან დამაკავშირა.
– ფაიფურისგან მარტო ყვავილებს აკეთებთ?10723246_10203069822652712_648950268_n
– 
კი, მხოლოდ ყვავილებს… ძალიან მიყვარს ყვავილები და სხვა არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ისე მომწონს ყველაფერი, რაც ყვავილებთან არის დაკავშირებული, რომ როცა უცხო ადგილას  ვხვდები, პირველ რიგში, თვალებით ყვავილებს ვპოულობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნატურალური ყვავილი ლარნაკში იქნება , თუ პატარა ორნამენტი ავეჯზე… ჩემს საქმეში ბოტანიკის ცოდნაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც ეს ბუნებამ შექმნა.
– მუშაობის დროს ყველაზე სასიამოვნო რომელი ეტაპია?
– 
ალბათ, ფინალი, როცა ნამუშევარი საბოლოო სახეს იღებს… თუ კმაყოფილი ვრჩები ნამუშევრით, საოცრად ბედნიერი ვარ… მაგრამ, უფრო ხშირად უკმაყოფილების გრძნობა მრჩება, სხვა რამეს ჩავიფიქრებ ხოლმე და სხვა გამოდის… თუმცა ხშირად ჩემი დაწუნებული ნამუშევრები სხვას მოსწონს, გემოვნების ამბავია ალბათ…
– ნამუშევრებთან შელევა რამდენად გიჭირთ?
– 
საშინლად (იცინის), ყიდვით საერთოდ არ ვყიდი, მეგობრებს ვჩუქნი, ისიც თუ ძალიან მოეწონებათ… არადა, მეუბნებიან, თუ გინდა, ცნობილი გახდე, უნდა გაყიდო ნამუშევრებიო… რა ვიცი, ვნახოთ, იქნებ ეგ დროც მოვიდეს…
– რამდენად იცნობს თქვენს შემოქმედებას ქართული და მსოფლიო კერამიკული საზოგადოება, გამოფენები თუ გქონდათ?
– 
მსოფლიოს და საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციების წევრს არა ერთი გამოფენა მქონდა, საქართველოში, უცხოეთშიც. ახლაც ძალიან მალე ვაპირებ გამოფენის გამართვას,, პროფესიონალ ქალთა ასოციაციის ეგიდით გალერეა „უნივერსში“. მინდა, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი გამოფენა გავაკეთო. პარიზშიც მქონდა გამოფენა.  როცა გერმანიაში წავიღე ნამუშევრები, თავიდან ვერ მიხვდნენ დამთვალიერებლები, ნატურალური ყვავილების ჰერბარიუმი ეგონათ, მერე, როცა იქაურმა ხელოვნებათმცოდნემ ადგილზე აუხსნა, რომ ეს ფაიფურისგან დამზადებული ყვავილები იყო, მათ გაოცებას საზღვარი არ ქონდა.
მიყვარს გამოფენები, ნამუშევრებს იქ სულ სხვა პეწი აქვთ, თითქოს აღლუმზე დგანან… საოცარი შეგრძნებაა, ვუყურებ და არ მჯერა, რომ ჩემი ნახელავია (იცინის).

გიორგი მიქაძე

10708315_10203069823012721_976925790_n

10715780_10203069822972720_446549659_n

10715964_10203069822812716_465311412_n

10719011_10203069822732714_204038914_n

10719120_10203069822892718_2041188277_n

10723290_10203069822772715_1061416911_n

10723336_10203069822692713_142949328_n

10723512_10203069822852717_1629316289_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები