გია ვოლსკი: ის შავი ფული, რომელიც ე.წ. ქოლცენტრებში დანაშაულებრივი მოქმედებებით არის მიღებული, არის სწორედ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დიდ ნაწილს ასაზრდოებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ის შავი ფული, რომელიც ქოლცენტრებში დანაშაულებრივი მოქმედებებით არის მიღებული, არის სწორედ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დიდ ნაწილს ასაზრდოებს.

მისივე თქმით,  აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, ოპოზიციას სერიოზული დარტყმა მიადგება.

„თუკი დადგინდება, რომ რეალობაა თუნდაც ის, რასაც „ბიბისი“ აშუქებდა სულ ახლახან კეზერაშვილთან დაკავშირებით, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ოპოზიციაზე, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს. ის შავი ფული, რომელიც ქოლცენტრებში დანაშაულებრივი მოქმედებებით არის მიღებული, არის სწორედ ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დიდ ნაწილს ასაზრდოებს“, – აცხადებს ვოლსკი.

თბილისსა და ქუთაისში ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თაღლითობა, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება – სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტი, რომელშიც ფინანსური პოლიცია შევიდა, დავით კეზერაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელს ეკუთვნის. ალექსანდრე ნინუა კეზერაშვილის თავდაცვაში სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო და სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები