იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.
„გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, “გონიერი კონტრაქტის” მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.
უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.
მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ახალი სერვისის კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააცნო, სისტემის პრეზენტაცია კი, ღონისძიების მონაწილეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ წარუდგინა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, აგრეთვე, „გონიერი კონტრაქტის“ დანერგვის პროექტში ჩართული მხარეები – კომერციული ბანკები, დეველოპერები და მსოფლიო ბანკის (World Bank) წევრები.