სახალხო დამცველი ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა
23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე – თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, არჩევნების დღეს დაკვირვების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დარღვევების შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებებზე იმსჯელეს.
“სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს არჩევნებზე საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა არჩევნების კონტექსტში დღემდე გამოკვეთილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.