“მკითხველები გაიგებენ, რა ხდება სცენის მიღმა, რა პროცესებს გადიან მუსიკოსები და ხმის რეჟისორები” – კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების შესახებ წიგნი გამოიცა
კლასიკური მუსიკის ჩაწერის შესახებ წიგნი გამოიცა. წიგნს “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები” ჰქვია, მისი ავტორი ხმის რეჟისორი და გიტარისტი – დავით ხოსიტაშვილია. ავტორის თქმით, გამოცემა კლასიკური მუსიკის ჩაწერის ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ ასპექტებს იკვლევს.
როგორც დავით ხოსიტაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წიგნი განკუთვნილია როგორც პროფესიონალი მუსიკოსებისა და ხმის რეჟისორებისთვის, ასევე მუსიკის მოყვარულთათვის.
“დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში, კლასიკურ მუსიკას ვიწერ და გადავწყვიტე, დაგროვილი გამოცდილება, ინფორმაცია, რაც გამაჩნდა, გადმომეცა და სხვებისთვის გამეზიარებინა. ესაა თეორიული ნაშრომი იმისათვის, რომ სხვა ხმის რეჟისორებს, მუსიკოსებს ჩაწერების პროცესში უფრო მეტად დაეხმაროს. ჩაწერის პროცესი განსაკუთრებული მოვლენაა, არაა ის, რომ კონცერტზე გამოხვიდე და დაუკრა, მას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. კლასიკურ მუსიკას რაც შეეხება: ეს განსაკუთრებული სფეროა, ეს არაა სტანდარტული ჩაწერის პროცესი, რომელიც, მაგალითად, დღეს ჩვენს ქვეყანაში ისწავლება. ჩვენ ძალიან კარგი სკოლები გვაქვს, სადაც კლასიკურ ჩაწერას ასწავლიან, ესაა სტანდარტული მუსიკის ჩაწერა, მაგრამ კლასიკური მუსიკის ჩაწერა სხვა სფეროა, მას სხვა ტექნიკური ცოდნა, სხვა მონაცემები სჭირდება. ეს წიგნი – “კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხელოვნების ასპექტები”, სწორედ ამისათვისაა. წიგნი ორ ენაზეა, ქართულად და მეორე მხარეს ინგლისურად დაბეჭდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი მუსიკოს-შემსრულებლებს, პროფესიონალ ხმის რეჟისორებს და ასევე, უბრალოდ, მოყვარულებსაც ძალიან წაადგებათ. წიგნი მხოლოდ პროფესიონალებისთვის არაა, ის მუსიკის მოყვარულებისთვისაც ძალიან მარტივად იკითხება და გაიგებენ, რა ხდება სცენის მიღმა, რა პროცესებს გადიან მუსიკოსები და ხმის რეჟისორები იმისათვის, რომ მათ მაღალი ხარისხის ჩანაწერები მიაწოდონ.
როდესაც დისკი გამოდის, რა თქმა უნდა, ამაში მუსიკოსის უზარმაზარი წვლილია, მაგრამ არანაკლებია რეჟისორისა, რომელიც ჩაწერას ახორციელებს. წიგნში ეს ყველაფერია ახსნილი და განმარტებული. ტირაჟი ჯერჯერობით მცირეა, 200 ცალია დაბეჭდილი, წიგნების ქსელში, რა თქმა უნდა, შევა. სულ ორი დღის გამოსულია, პრეზენტაციას გავაკეთებ, სადაც კოლეგებს, პროფესიონალებს მოვიწვევ და წიგნს უკვე პირადადაც წარვუდგენ.
მუსიკის ჩაწერაზე და ზოგადად, კლასიკური მუსიკის ჩაწერაზეც საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა არსებობს, მაგალითად, ტექნიკურად როგორ გავმართოთ, მიკროფონი როგორ დავდგათ, მაგრამ აქ უფრო მეტად საუბარია თეორიულ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ნაწილზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს კლასიკური მუსიკის ჩაწერას, როგორ უნდა მოემზადონ მუსიკოსები იმისათვის, რომ ჩაწერის მომენტში სწორი პოზიცია, სწორი განწყობა ჰქონდეთ, რა განრიგით უნდა მოხდეს ჩაწერა, საუბარია უსაფრთხოების ზომებზეც. ასევე, საუბარია ჩაწერის სტრატეგიაზე იმისათვის, რომ მუსიკოსმა იმ ენერგიის შენარჩუნება შეძლოს, რომელიც, მაგალითად, კონცერტზე აქვს. კონცერტზე დაკრული მუსიკა სტუდიაში დაკრულისგან განსხვავდება, იქ მსმენელის ენერგია სხვანაირად მოქმედებს და აქ ახსნილია, თუ როგორ შევინარჩუნოთ ეს ენერგია, რათა ჩანაწერშიც იყოს და ემოციურად ჟღერდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მუსიკა მხოლოდ ნოტების შესრულება არაა, ესაა ემოცია, სხვანაირად მუსიკის გადმოცემა ცარიელი და აბსოლუტურად არაფრისმომცემი იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლო წიგნი იქნება არა მარტო ხმის რეჟისორებისთვის,არამედ ყველა მუსიკოსისთვის, რომელიც მუსიკის ჩაწერას აპირებს. ბევრმა იცის, მაგრამ, შეიძლება, ასე ჩამოწერილი, დალაგებული არ ჰქონდეს და გამოადგეს” – განაცხადა დავით ხოსიტაშვილმა.