„ცხოვრებას ბედნიერს შენ თავად ქმნი და შენ ხარ  მისი დამპროექტებელიც“! – ნაილი თიგიშვილის სიფერადე და სულის ზეიმი

პროფესიით მხატვარდიზაინერი, არაერთი გამოფენის ავტორი.
ამბობს, რომ 20 წლიდან მუდამ მუშაობ და არანაირი სამსახური არადროს ეთაკილებოდა,
ყოფილა დამლაგებელი, დიზაინერი, მასწავლებელი, ლექტორი, სამხატვრო სალონის მფლობელი, მენეჯერი, დირექტორი, სამხატვრო სკოლის დამფუძნებელი.
„მუდამ ჩემი გზით მივდიოდი და ვიკვალადი გზას, რაც არ უნდა რთული ყოფიიყო, არ მიყვარს სხვისი გზით სიარული... მიყვარს ყველა საქმე, რაც გამიკეთებია“..
ამ ბოლო დროს „ნაილის ტურით“ იწვევს დამთვალიერებლებს ტურებზე, საქართველოს მთა-ბარის მოსანახულებლად.
სამომავლო გეგმებიც აქვს. – ნაილი თიგიშვილის პერსონა.

  ბავშვობა. ოჯახი…  რა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– დავიბადე ძალიან ბედნიერ ოჯახში – დედა, მამა და ერთი და, რომელიც მზეა ჩემს ცხოვრებაში.
ახლა მყავს საუკეთესო მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც ყველა ჩემი  ახალი ნამუშევრის ინსპირაცია არიან! ბავშვობაში ხატვისთვის არ მეცალა, უფრო  სიცელქესა და რაღაცის გაფუჭებაზე ვიყავი ორიენტირებული!
საინტერესო იყო – ბავშვობა, სოფელში გატარებული სილაღე!..
– მხატვარ-დიზაინერი ხართ. რატომ ეს პროფესია?
– იმიტომ, რომ სულიერი ბედნიერების ყველაზე დიდი სიმშვიდეა, სხვა სამყაროა, სადაც თავს იდეალურად ვგრძნობ.
ბევრი ფერადი ფერი, რომელიც ჩემშია, ფეთქდება და ტილოზე იღვრება სხვადასხვა ამბით. ხელოვნება ბედნიერებისა და თავისუფლების საწყისია და სწორედ ამიტომ!!
– სკოლა და სტუდენტობა… ვინ დატოვა კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– სკოლა დიდად არ მიყვარდა. მასწავლებლები ვერასდროს მიგებდნენ ჩემი ჩაცმულობის და თავისუფლების გამო. ატესტატში ორი სამიანი მიწერია  (შრომასა და ფიზკულტურაში). შრომაში იმიტომ, რომ გაყინული ხელებით ქსოვას გვთხოვდნენ, სად იყო მაშინ გათბობა და ელექტროენერგია? დღეს კი ჩემი გობელენის ნაშრომი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
აი, კვალიც!!
სტუდენტობა – ლაღი და თავისუფალი მქონდა… როგორც ვახტანგ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიას შეეფერებოდა, არც იქ იყო თავგადაკლული სწავლება. ჩემს ფერწერულ განვითარებაში ყველაზე დიდი როლი ლექტორმა გივი ყანდარელმა შეასრულა, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდით…
– არანაირი სამუშაო არ მეთაკილება და არც მზღუდავდა. ყოველთვის  ვეძებ ახალს, მიყვარს ჩემი თავის გამოცდა და ახალი ხალხის გაცნობა.
მახსოვს, მეორე კურსიდან, 2002 წელს, დავიწყე სკოლაში მუშაობა პედაგოგად, ხატვას ვასწავლიდი. ასევე – დიზაინერად, თექას ვამუშავებდი (ძალიან მიჭირდა, თუმცა მაგ დროს მუშაობა უფრო მჭირდებოდა). მიმუშავია დალაგებაზე. ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი. მაშინ ერთი მაღაზია იყო ვაკეში და იქ ვაბარებდი. ასე რომ, სულ ვმუშაობდი – სტუდენტობიდან მოყოლებული და ახლაც.
არ მესმის იმ ადამიანების, როგორ გრძნობენ თავს ბედნიერად მთელი წლები ერთ სამსახურსა და ერთ სივრცეში.
ჩემთვის მთავარი შინაგანი სამყაროს თავისუფლებაა. თუ ეს არ მაქვს, იქ არ ვჩერდები. ამიტომ გადავედი  საკუთარი ბიზნესის კეთებაზე და მას შემდეგ სულ ასე ვარ.
დასკვნა ერთია, ცხოვრებას ბედნიერს შენ თავად ქმნი და შენ ხარ  მისი დამპროექტებელი!
–  პირველი ნახატები…
– ასე ვერ ვიტყვი, პირველი ნახატები, რადგან 12 წლიდან სულ ვხატავდი, არ იყო სკოლაში რაიმე, მე რომ არ დამეხატა. მახსოვს, 90-იანებში კლასი გაგვიტეხეს. რა უნდა წაეღოთ, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნამუშევარი აღარ იყო. კი გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ მიხაროდა.  მამაჩემი მეხუმრებოდა, შენი ნახატებისთვის გაუტეხავთო.
– ფერად, ოპტიმისტურ ნამუშევრებს ხატავთ. რომელიმე ნახატის შექმნის საინტერესო ამბავი…
– ფერადი ნამუშევრები… რაც შვილები გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, მეტად გაფერადდნენ ჩემი ფურცლები.
ეს ოჯახისა  და საუკეთესო მეუღლის დამსახურებაა. სიყვარულია ტილოზე გადმოსული.
გავლენას ახდენს ასევე ჩემი ხეტიალი ბუნებაში, უამრავ ადგილას ვყოფილვარ, მხოლოდ აჭარის მაღალი მთები დამრჩა…

ამ ყველაფრის შემხედველი როგორ არ შექმნი სიფერადეს! მახსოვს,  ერთხელ სამხატვრო სკოლაში (რომელიც მქონდა) ჩანახატს ვაკეთებდი. რომ დავამთავრე და დავხედე, ღვთისმშობელი იყო დაჩოქილი, მოღიმარი.
ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ მარიამი გაჩნდებოდა, რომელიც ნატვრად იყო ქცეული.
ეს ჩანახატი  ძალიან მიყვარს!!
– უფრო მეტად რომელი ნამუშევრები იყიდება?
– ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და ყველა რაღაცას ჰყვება… თითოეული ადამიანი თავის „მე“-ს და ამბავს ხედავს და ითავისებს.
უფრო მეტად გაყიდვადი – სილაღეა, რომელიც იგრძნობა ნამუშევარში..ალბათ ეს გვაკლია დღევანდელობაში.
– როგორ ახერხებთ ხატვას, ოჯახის საქმეებს, „ნაილის ტურს“ – ყველაფერს ერთად?
– მოხერხება რა გითხრათ… რომ გითხრათ, ადვილია, არა… მაგრამ ადამიანის გაუკეთებელი არაფერია, ზარმაცი არ უნდა იყო!
ხატვას ღამე ვიწყებ, როდესაც ყველას სძინავს. რაც შეეხება  „ნაილის ტურს“,  შაბათ-კვირას ვგეგმავ, ასევე ვმუშაობ ვიზაჟზე, ქსელურ კომპანიაში.
– შთაგონება როგორ მოდის? და რა არის თქვენთვის, რა გაძლევთ შთაგონებას ხატვის დროს?– აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი. ჩემი შვილები ყველაზე დიდი შთაგონებაა. ბავშვი არის ძალიან დიდი პალიტრა, რაც გადაშლილი  გვაქვს… და ჩემი დამოკიდებულება ბუნებისადმი. ჩემი მეორე სამყაროა მთა, ბუნება და უბრალო ხალხი. სწორედ ამიტომ. დავხეტიალობ ყოველ შაბათ-კვირას…
ხატვის დროს, სულის ზეიმია ჩემში, და ძალას უფალი მმატებს, ამას ყოველი ნამუშევრის შექმნისას ვგრძნობ.– ამბობთ, რომ  რამდენჯერაც წაიქეცით, იმდე ახლიდან დაიწყეთ საქმე და ყოველთვის მადლობელი ხართ უფლის… ყოველთვის თქვენი გზით მიდიოდით…
– საქმე, რომელშიც მთელ გულს დებ და ერთ დღეში ქრება, ძნელია შეგუება, თუმცა  ცუდი იმიტომ ხდება, რომ უკეთესი მოხდეს, ტყუილად არაფერი ხდება.
ძალიან ბევრი საქმე დამეხურა – იყო მაღაზია მეიდანზე (გრიშაშვილზე), რომელიც 2008 წლის ომს შეეწირა.
იყო ბავშვთა ცენტრი, რომელიც  სხვის არასინდისიერებას ემსხვერპლა. იყო ჩემი საყვარელი სამხატვრო სკოლა „მოლბერტი“, რომელიც პანდემიამ შეიწირა და დღემდე ვეძებ ფართს, სადაც ისევ გავხსნი, ჩემი სახსრებით.  ყოველთვის ჩემით, შიშველი ხელებით ვაკეთებდი და ჩემი საუკეთესო მეუღლის გვერდში დგომით, რომელიც ჩემი ბედნიერებისთვის მუდამ მზად არის, გვერდში მედგას!
– „ნაილის ტურები“ – ყოველთვის გამორჩეული და სახალისოა…  რომელ ტურს გამოყოფდით, თუნდაც საინტერესო ისტორიით?
– „ნაილის ტური” სწორედ ჩემი ბუნებასთან დამოკიდებულების და ხეტიალის შედეგად შეიქმნა.
მე რომ ვიღებ ძალიან დიდი სიამოვნებას, მინდა ეს განცდა სხვამაც მიიღოს.
მახსოვს, ერთხელ ერთი კარგი  ულამაზესი გოგო ისე დათვრა, მთელი გზა იგინებოდა, მაგრამ რაღაცნაირად უხეშად არა.. მას მერე ვწერ, რომ დალევა და ბილწსიტყვაობა აკრძალულია „ნაილის ტურში“.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
ადამიანებს – მეტი სილაღისკენ და ბედნიერებისკენ… უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ბუნებასთან, რაც მათ ცხოვრებაში დადებითად აისახება. ყველა დედამ თვითონ გაზარდოს შვილი და ამ მოკლე დღესასწაულს ნუ ჩუქნიან სხვას!
– ოჯახი…
– ოჯახი ჩემი დიდი საყრდენი და ბევრი ფერია… ჩემი ოჯახი ჩემი აფეთქებული ბროწეულია! საუკეთესო მეუღლე ბესო გორჯოლაძე, რომელიც, რაც გავიცანი, ჩემი ბედნიერების საწყისია, და შვილები – იოანე, ვაკო და მარიამი.
ჩემი მშობლები, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ და ახლაც ასეა.

–  გამოფენები. სამომავლო გეგმები…
გამოფენები ჩანიშნულია ახლა 12 ოქტომბერს, გურჯაანში, ღვინის ფესტივალზე… შემდეგ  მეიდანზე, ღია სივრცეში. გაზაფხულზე  – ისევ  პარლამენტის საგამოფენო დარბაზში.
ჩემი დიდი სურვილია, ბავშვებისთვის სილაღის ცენტრის შექმნა, რომელსაც მოკლე დროში აუცილებლად გავაკეთებ.

                      

                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები