„იმუნოლოგიის მამა“ და ყვავილის ვაქცინა – ედუარდ ჯენერის ისტორია

ყვავილი მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება იყო. ის იწვევდა მაღალ სიცხეს, კანზე ძლიერ გამონაყარს და თუკი გადარჩებოდი, შესაძლოა, კანზე ნაწიბურები დაგრჩენოდა ან, საერთოდაც, მხედველობა დაგეკარგა. დაღუპულთა რიცხვი შემაძრწუნებელი გახლდათ. მხოლოდ ევროპაში ყოველწლიურად 400 000 ადამიანი იღუპებოდა. იმ დროისთვის დაავადების განკურნება ან ეფექტური მკურნალობა არ ხდებოდა.

თუმცა, არსებობდა ერთი დაკვირვება: ფერმერები ან ის ადამიანები, რომლებიც ძროხას რეგულარულად წველიდნენ, უფრო მსუბუქად ავადდებოდნენ და განმეორებით ეს დაავადება აღარ ემართებოდათ. ეს ფენომენი წლების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ მანამდე მეცნიერულად არავის შეუმოწმებია.

ედუარდ ჯენერი 1749 წელს დაბადებული ინგლისელი ექიმი გახლდათ, საკმაოდ სხარტი ცნობისმოყვარე გონებით. იგი მოხიბლული იყო ზემოაღნიშნული ჭორებით და სჯეროდა, რომ ძროხის ყვავილი — დაავადება, რომელიც უჩნდებოდა ძროხას და შემდეგ გადაეცემოდა ადამიანებს — როგორღაც იცავდა მათ ბევრად უფრო მომაკვდინებელი ყვავილისგან.

ედუარდ ჯენერი

იმ დროს ადამიანები, ყვავილისგან თავდასაცავად, ვარიოლაციას მიმართავდნენ, რაც ყვავილით ადამიანის განზრახ დაინფიცირებას მოიცავდა, შემდგომი კონტროლირებადი პერსპექტივით, თუმცა ზოგჯერ, იმუნიტეტის გამომუშავების ნაცვლად, შედეგი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან, სულაც, სიკვდილი იყო. ჯენერს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა უფრო უსაფრთხო ალტერნატივის პოვნა, ძროხის ყვავილის გამოყენებით.

1796 წელს ჯენერმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა თავისი ჰიპოთეზა. მან იპოვა ახალგაზრდა ქალი, სახელად სარა ნელმესი, რომელიც ძროხის ყვავილით დაავადდა. ჯენერმა ძროხის წყლულებიდან ჩირქი აიღო და გამოიყენა 8 წლის ბიჭის, ჯეიმს ფიპსის, მისი მებაღის შვილის ასაცრელად. ბიჭს ჩუტყვავილას მსუბუქი სიმპტომები განუვითარდა, მაგრამ სწრაფად გამოჯანმრთელდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ჯენერმა ბიჭზე ვარიოლაციას მიმართა და შედეგიც სახეზე იყო — ბიჭს ყვავილი არ შეეყარა.

ამით ჯენერმა გააცნობიერა, რომ ძროხის ყვავილის დახმარებით, ნებისმიერი ყვავილის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავდებოდა და ის ადამიანისთვის მომაკვდინებელი აღარ იქნებოდა.

ჯენერის ექსპერიმენტი ვაქცინაციის პირველი მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევაა (ტერმინი „ვაქცინა“ მომდინარეობს „vacca“-დან, ლათინური სიტყვიდან – „ძროხა“). სამედიცინო საზოგადოების ზოგიერთი წევრის სკეპტიციზმის მიუხედავად, ჯენერმა თავისი საქმიანობა განაგრძო, უფრო მეტი ადამიანი აცრა და შედეგებიც აღრიცხა. მისი დასკვნები 1798 წელს ნაშრომში გამოქვეყნდა.

ჯენერის მეთოდის წარმატება სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში. მალე ვაქცინაციის პრაქტიკა უფრო ფართოდ იქნა მიღებული. დროთა განმავლობაში, ვაქცინაციის პროგრამებიც დაიწყო, რამაც ვარიოლაციის მეთოდი ჩაანაცვლა, ყვავილის შემთხვევები კი, მკვეთრად შემცირდა.

იმუნოლოგიის ისტორია, ფაქტობრივად, ედუარდ ჯენერის მიერ ყვავილის ვაქცინის აღმოჩენიდან იწყება. ამან გზა გაუხსნა მრავალი სხვა ინფექციური დაავადებისთვის ვაქცინების შემუშავებას და მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები