სოზარ სუბარი – რადიკალებზე: ამ აგენტურის იმედი თუ აქვთ, რომლებიც ვერც ერთმანეთთან თანხმდებიან და არც რაიმე იდეა აქვთ, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკონ, ძალიან ცუდად დამშვრალან ჩვენი მეგობრები

აქ ან უნდა ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ყველა ბრძანებას – იქნება ეს, რუსეთისთვის მეორე ფრონტის გამოცხადება, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, – განაცხადა „იმედის LIVE“-ში საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

„არჩევნები ჩატარდება ისეთი სტანდარტით, რომ ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დადებს ვერავინ! სხვათა შორის, ძალიან სიმპტომატური იყო, რომ არჩევნების დელეგიტიმაციის სქემაც წინასწარ შემოგვთავაზა მაკკეინის ინსტიტუტმა. თქვეს, რომ ხმების პარალელური დათვლა უნდა იყოს ერთ-ერთი საფუძველი, როგორ გამოცხადდეს არჩევნები არშემდგარად, არასამართლიანად. ჩვენ კიდევ კარგად გვახსოვს 2020 წლის მაგალითზე, რომ სწორედ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა იმ ორგანიზაციამ, რომელიც თავს „სამართლიან არჩევნებს“ უწოდებს. სინამდვილეში კი მატყუარა, ფლიდი და უსამართლო ორგანიზაციაა, რაც მის მიერ გაყალბებული ხმების პარალელური დათვლისას გამოჩნდა. ასე, რომ ამ მეთოდების, ძალებისა და აგენტურის იმედი თუ აქვთ, რომლებიც ვერც ერთმანეთთან თანხმდებიან და არც რაიმე იდეა აქვთ, რომ ქართველ ხალხს ელაპარაკონ, ძალიან ცუდად დამშვრალან ჩვენი მეგობრები.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი გაგრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და შესაძლოა, კიდევ მცირე ხანი, სანამ იმედი ექნებათ, რომ აქ რაიმე არეულობას მოაწყობენ. მაგრამ, რომ ნახავენ, რომ არც არეულობის საფუძველი არ არსებობს, არც ხალხი გაჰყვება მათ მოწოდებებს, საქართველოს სახელმწიფოც მტკიცეა და აღარ არის ის ხელისუფლება, შევარდნაძის დროს გადატრიალება რომ მოუწყვეს, იძულებული იქნებიან კი არა, სხვა გზა არ ექნებათ, უნდა დაიწყონ დიალოგი ჩვენთან, რადგან საქართველო არანაკლებ სჭირდება დასავლეთს, განსაკუთრებით ევროპას, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები