ზელენსკი: რუსებმა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთული გემი დაბომბეს
რუსებმა შავ ზღვაში უკრაინის გემი დაბომბეს, რომელსაც ეგვიპტეში ხორბალი უნდა ჩაეტანა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს შავ ზღვაში უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გამოსული ჩვეულებრივი სამოქალაქო გემი დაიბომბა. საბედნიეროდ, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო დონორია. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საექსპორტო კორიდორის ნორმალურ და შეუფერხებელ მუშაობაზე ათეულობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და სიცოცხლეა დამოკიდებული.
უკრაინა კვლავ გააგრძელებს ხორბლის მიწოდებას აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.
ზელენსკი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მსოფლიოს რეაქციას ელის, რადგან, მისივე თქმით, ხორბალი და სასურსათო უსაფრთხოება რაკეტების სამიზნე არასდროს უნდა გახდეს.