ბაიდენის ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან ამოიღო
ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ კუბას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების (SST) სიიდან ამოიღებს იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც კუბაში რეჟიმმა 2021 წლის საპროტესტო აქციების ფარგლებში დააპატიმრა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ისინი გადაწყვეტილების შესახებ ტრამპის გუნდთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
ბრიფინგზე ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ უწყვეტად განიხილავს ტერორიზმის სპონსორად დასახელებულ სახელმწიფოებს, თუმცა კუბის შემთხვევაში ადმინისტრაციას საკმარისი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ აქვს, რომელიც დაადასტურებდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.
ამასთან, კუბის ხელისუფლებამ 553 პატიმრის გათავისუფლების შესახებ უკვე განაცხადა.
კუბის კომუნისტური მთავრობა ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და მას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისის საპროტესტო აქციების ფარგლებში კუბაში რეჟიმმა პროტესტის 671 მონაწილე დააკავა.