გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველომ (OHCHR) გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობის შესახებ.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვმა სულ მცირე 24 614 ადამიანი შეადგინა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ – 11 743.

„2024 წლის აგვისტოში უკრაინაში, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 856 კი დაიჭრა, რაც ამ თვეს 2024 წელს მსხვერპლის რაოდენობით მეორე ადგილზე აყენებს ივლისის შემდეგ“, – აღნიშნავენ ყოველთვიური ანგარიშის ავტორები.

მათი მონაცემებით, ივლისში, სულ მცირე, 219 სამოქალაქო პირი მოკლეს და კიდევ 1 018 დაიჭრა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაინგრა 13 და დაზიანდა 38 საგანმანათლებლო დაწესებულება. ასევე, დაინგრა ორი და დაზიანდა 28 სამედიცინო დაწესებულება.

გაეროს მონაცემების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში სულ დაიღუპა 5692 მამაკაცი, 3534 ქალი, 338 არასრულწლოვანი ბიჭი და 275 გოგონა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული 28 ბავშვისა და 1876 მოზრდილის სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები