თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ბრალდებულებს მოწმეებზე ზემოქმედება და მიმალვა ოთხი წლის განმავლობაში არ უცდიათ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოძიება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები