სოზარ სუბარი – მიხეილ ყაველაშვილზე: როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე
როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი და ქვეყნის სამსახურში იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ქუჩაში, აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა ლოზუნგები – „ჩვენ ბოდიშს არასდროს არავის მოვუხდით“ და ა.შ. როდესაც ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება, თუ ჩვენ არ გვექნება დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება, თუ არ იქნება შერიგება, თუ მათ არ ექნებათ ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ამისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბოდიში და ვისაც ამ ბოდიშის მოხდა არ უნდა, ის არის საქართველოს მტერი, იმას არ უნდა საქართველოს ერთიანობა, რადგან ის ასრულებს უცხო ქვეყნის დაკვეთას. ამ მხრივ,როდესაც პრეზიდენტი პატრიოტი იქნება და ქვეყნის სამსახურში იქნება, იხსნება ფართო ასპარეზი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენაც, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
29 დეკემბერს ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით არჩეული, მეექვსე პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.