რა მოხდა დუისში – რატომ გაიმეტა ძმამ სასიკვდილოდ საკუთარი და
სოფელ დუისში 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს, რომელიც ძმამ გულში დაჭრა, ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ დუისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად რუსუდან ხანგოშვილს ორი ოპერაცია დასჭირდა.
მისივე თქმით, რუსუდან ხანგოშვილი სოფელ დუისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ადგილობრივის ინფორმაციით, და-ძმას შორის ინციდენტი დის ჩაცმულობის სტილის გამო მოხდა. „ძალიან კარგი ოჯახია და სოფელში მათ ყველა კარგად ახასიათებთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ადრე მკურნალობდნენ კიდეც, მაგრამ რა მოხდა და ასე რატომ გაიმეტა საკუთარი და, ცოტა გაურკვეველია. სოფელში ამბობენ, რომ ძმას დის ჩაცმულობის სტილი არ მოსწონდა და აიძულებდა მას, რომ ტრადიციულად წესების დაცვით სამოსი ეტარებინა“, – აცხადებს ქალბატონი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დუისში დაჭრილი რუსუდან ხანგოშვილი ჯერ ახმეტის რაიონის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, ამის შემდეგ კი პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკვე მეორე ოპერაცია დასჭირდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.