რა კავშირშია თემურ ალასანია აშშ-ში გამართულ აქციასთან
ვინ არიან პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი, რომლებმაც პრემიერს ნიუ-იორკში „მკვლელი“ ეძახეს -ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს. როგორც რადიო „ამერიკის ხმის“ ყოფილი თანამშრომელი, „მე-9 არხის“ ნიუ-იორკის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ამერიკაში მცხოვრები რუსუდან წერეთელი გამოცემასთან აცხადებს, პაატა აბჟანდაძეს და ნატო გოდერძიშვილს დღემდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია აფინანსებს. მისივე ინფორმაციით, მათ სახელს ამერიკაში ბევრი ბინძური და არაკანონიერი საქმე უკავშირდება.
„ეს ბატონი პაატა აბჟანდაძე, როცა 2012 წლის არჩევნები დაიწყო, იყო ნიუ-იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მანამდე ის არაფერს არ წარმოადგენდა, შემდეგ ის რაღაც არხებით უკავშირდება თემურ ალასანიას, პოულობს საერთო ენას და ასრულებს მის დავალებებს. როდესაც ამერიკაში ჩამობრძანდებოდა ხოლმე გიული ალასანია, აბჟანდაძე მას ჰყავდა დაცვასავით. ეს ადამიანი არასოდეს არსად არ მუშაობს, მაგრამ კარგად ცხოვრობს. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ცხოვრობს ნიუ-იორკში, ჩვენ არჩევნების პერიოდში საკმაოდ დიდხანს მოგვიხდა ურთიერთობა, ხშირად ვსაუბრობდით, თვითონაც მიდასტურებდა, რომ ამერიკაში არასოდეს უმუშავია. ამ ადამიანს თემურ ალასანია იყენებდა ასეთი საქმეებისთვის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი ე.წ. საემიგრაციო სტატუსიც და მოქალაქეობაც ალასანიას ხელშეწყობით გააკეთა“, – განაცხადა რუსუდან წერეთელმა „ქრონიკასთან“.
რაც შეეხება ნატო გოდერძიშვილს, აბჟანდაძის მსგავსად, ისიც ნიუ-იორკში მაცხოვრებელი ქართველია.
„ეს ქალბატონი ცხოვრობს ნიუ-იორკში, მისი ძმაც და რძალიც აქ არიან, აქვთ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ფესვები“, ნატო გოდერძიშვილს აქვს „მწვანე ბარათი“ მოგებული და ისეა შემოსული შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში არის ქართული თეატრი და ნატო გოდერძიშვილი იქ ვითომ მსახიობობს, თან მღერის, უკრავს და ცეკვავს, თუმცა პოლიტიკური ორიენტაციით და ასეთი პროვოკაციული გამოხტომებით, ესეც მთლიანად არის დაკავშირებული თემურ ალასანიასთან. ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ამერიკაში ცხოვრება იოლი არ არის, საათობრივი მუშაობით ვერაფერს მიიღებ, უნდა იმუშაო 24 საათის განმავლობაში. ქართველების უმეტესობა აქ შავ მუშად მუშაობს, როდესაც ადამიანი არსად მუშაობ და მხოლოდ შენთვის უკრავ თუ ცეკვავ და მაინც კარგად ცხოვრობ, ეს უკვე გასაგებია. აქ, საშუალოდ, საათში გაძლევენ 10 დოლარს, აქედან გექვითება და ხელში გრჩება 6 დოლარი. ახლა მე ვსვამ კითხვას, როგორ ცხოვრობენ პაატა აბჟანდაძე და ნატო გოდერძიშვილი? თუმცა ყველა ემიგრანტმა კარგად იცის, რომ ესენი დაკავშირებული არიან თემურ ალასანიასთან, რომელიც მათ იყენებს ასეთი ბინძური საქმეებისთვის. დღეს არავინ კითხულობს, რა პრობლემები გვქონდა ჩვენ ამერიკაში 2012 წლის არჩევნებამდე და მას შემდეგაც. მე, როგორც ჟურნალისტს, საელჩოსა და საკონსულოში კარს არ მიღებდნენ, აქეთ ვიყავი ზეწოლის ქვეშ. თქვენ ნუ გგონიათ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, მათთვის ამ ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. აბჟანდაძის გუნდის წევრები ამ ადამიანებს ატერორებდნენ, აშინებდნენ. ამ ფაქტმა სიგუა გამახსენა, ეს უზნეო ადამიანი, რომელიც ჩამოიყვანეს საქართველოში და ტურიზმის სფერო ჩააბარეს. ამ ადამიანს 2012 წლის არჩევნების დროს თითი თითზე არ დაუკარებია, მაგრამ მყვირალაა და იცის, როგორ გაიკეთოს პიარი, ფულზეც არასოდეს ამბობს უარს. გიორგი სიგუას აქ ხალხი ჰყავს გადაგდებული, მაგალითად, ლაშა დარბაიძეს გამოართვა 15 ათასი დოლარი და მერე იძახდა, მაჩუქაო. არაფერი არ უჩუქებია, დარბაიძეს დღემდე აქვს შენახული ის სია, რომელიც სიგუამ გადმოუგზავნა. საკუთარი ხელით დაწერა, რომ საქართველოში მინისტრები რომ არ მექეიფებინა რესტორნებში და აიფონები არ მეჩუქებინა, ისე თანამდებობაზე ვინ დამნიშნავდაო?.. ეს სია არსებობს და უახლოეს დღეებში გადმოგიგზავნით. სიგუას მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ აქ ადამიანებს, რომლებმაც თავი გადადეს, ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს და თანამდებობა მისცეს ისევ მატყუარასა და ავანტიურისტს, ამერიკაში ჩვენი დიასპორა უფუნქციოდ არის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად დასეირნობს ნიუ-იორკის ქუჩებში, მას არავინ აწუხებს, მეტიც, ბოლო დროს თავის ნაცნობ ოჯახებში დაიწყო სიარული, თუ ჩვენ არავის აღარ ვახსოვართ, ბუნებრივია, ჩვენც დაგვავიწყდება „ქართული ოცნება“. ყველა მამალი „ნაციონალი“ აქ არის, მაგალითად, თემურ იაკობაშვილი მუშაობს ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში, მშვენივრად გრძნობს თავს, აქ არის კახა ლომაიაც, ესენი ძალიან კარგად მუშაობენ ემიგრანტებზე და სააკაშვილიც დაჰყავთ სხვადასხვა ოჯახებში. ამას წინათ ფილადელფიაში იყო შენგელიების ოჯახში და ეს ხალხიც თემურ ალასანიასთან არის დაახლოებული“, – განუცხადა „ქრონიკას“ რუსუდან წერეთელმა.