გია ვოლსკი კვესიტაძის სიუჟეტს “ნაციონალების შეთქმულებას” უკავშირებს
თუ არა შეთქმულება, აბა, სხვა რა უდევს საფუძვლად ეკა კვესიტაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ახალი ხელისუფლების მიერ განვლილ წლებსაც აფასებს. „პირველი წელი, როგორც ვთქვით, იყო ძნელი. მეორე წელს სტაბილიზაციისკენ წავედით, მესამე წელს კი კონკრეტული შედეგები გამოჩნდება და აუცილებლად იქნება უკეთესი. ამ ორი წლის მანძილზე უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. თუნდაც იგივე სოციალური სფერო. ადამიანების ხელშეწყობა, ბიუჯეტი დაეხმარა მათ, რომ ამოესუნთქათ და უშველებელი ხარჯებისაგან გათავისუფლებულიყვნენ. აქ მარტო სოციალურ დახმარებაზე არ ვსაუბრობ. ეკონომიკური თვალსაზრისითაც ხდება ვითარების გაუმჯობესება. ამაზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს… ჩვენ ხშირად გვედავებიან იმის გამო, რომ ხშირად ვსაუბრობთ შეთქმულებაზე. ძალიან აღიზიანებთ ამ თემაზე შსს-ს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები. თუ არა შეთქმულება, აბა, სხვა რა უდევს საფუძვლად ეკა კვესიტაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. ამ ჩანაწერებში წარმოდგენილი იყო იმ ადამინის საუბარი, რომლებიც „ნაციონალებმა“ 2012 წელს უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან. უამრავი ასეთი ხმამაღალი განცხადება კეთდება ხან საპარლამენტო ტრიბუნიდან, ხან მედიის მეშვეობით, რომელთა სინამდვილე ან არ დასტურდება, ან მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი. ეს არის ჩემი აზრი და ვფიქრობ, რასაც „ნაციონალები“ აკეთებენ, ამას სწორედ რომ შეთქმულება ჰქვია. ამას სააკაშვილი და მისი გუნდი ამზადებს. ისინი დასხდებიან ერთად, ჩამოაყალიბებენ სტრატეგიას, თუ როგორ მიაყენეონ ყველაფერს ჩრდილი. აქვე ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი უნდა მოვიყვანო. რამდენიმე თვის წინ შსს-მ 3 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღო, რაც თავისი რაოდენობით უპრეცენდენტოა და ამ საქმის გახსნა ამ უწყების კარგ მუშაობაზე მეტყველებს, 3 ტონ ნარკოტიკი აქ შემთხვევით არ გამოიგზავნებოდა. გამოდის, რომ რაღაც გაკვალული გზა იყო, სადაც, სავარაუდოდ, ადრეც მოძრაობდა მსგავსი სახის ტვირთი. ამ უბედურების გადასაფარავად „ნაციონალებმა“ მოიფიქრეს საქემა და შს მინიტრს ტერმინოლოგიას უწუნებენ. ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, ჭიკაიძემ რაღაც ტერმინი რომ ვერ თქვა სწორად“, – განუცხადა გია ვოლსკიმ „ახალ თაობას“.