“რომ მოკვდება, ყბა ჩამოუვარდება… სახლში მოკვდეს“ – ნასვამი ანესთეზიოლოგი „არქიმედეს“ კლინიკაში
10 სექტემბერს სენაკში, არქიმედეს „კლინიკაში“ 85 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ოჯახი უშუალოდ ექიმებს მის გარდაცვალებაში არ ადანაშაულებს, მაგრამ მათი პრეტენზია მედპერსონალის დამოკიდებულებას უკავშირდება. გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გარდაცვლილი ქალბატონის ვენერა გოროზიას შვილიშვილი მაია ხმალაძე ექიმების უყურადღებობასა და არასათანადო დამოკიდებულებაზე საუბრობს.
„ბებია სენაკის კლინიკა „არქიმედეში“ გადავიყვანეთ. იქ დაგვხვდა ექიმი ნინო გაბელია, რომელსაც მივეცი ნევრაპათოლოგის მიერ გამოწერილი დანიშნულება, გავაცანი პაციენტის მდგომარეობა და მისგან ველოდი ადეკვატურ დახმარებას. გაბელიამ მითხრა, – ალბათ, დამეთანხმებით, რომ ერთი-ორი საათი არაფერს წყვეტს, გათენდება და ჩვენი ნევრაპათოლოგი მოვაო. ვთხოვე, იქნებ ჩემს მიერ მოტანილი დანიშნულება დავუწყოთ, სანამ თქვენი ნევრაპათოლოგი არსად ჩანდა… კიდევ ვთხოვე გაბელიას, – ქალბატონი ნინო, იქნებ მოვიყვანოთ ნევრაპათოლოგი-მეთქი, მაგრამ ჩემი თხოვა თხოვნად რჩებოდა, ბებიას მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა. გავიდა 2 საათი, არაფერს არ აკეთებდა. გათენდება და მოვაო, რა დაგემართაო… ღამის 4 საათზე მიყვანილი უმძიმესი პაციენტი გაბელიას 11 საათამდე ნევრაპათოლოგის გარეშე ჰყავდა მიღებული და ისიც არ იკადრა, რომ სპეციალისტი გამოეძახებინა“, – ამბობს ხმალაძე. მისივე თქმით, ბებია ტომოგრაფიის გასაკეთებლად სამტრედიაში გადაიყვანეს, სადაც მას ანევრიზმა დაუდგინდა. ხმალაძის თქმით, ავადმყოფს ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, თუმცა ასაკის გამო, სავარაუდოდ, ვერ გადაიტანდა, ამიტომ უარი თქვა და ის კვლავ „არქიმედეში“ დააბრუნეს. „თავისთან დამიბარა ანესთოზიოლოგმა აკაკი სალაყაიამ, რომელსაც მართვითი სუნთქვის აპარატი უნდა ჩაედგა. ეს ბატონი იყო ნასვამ მდგომარეობაში, „ბლატნოი“ ხმით მეუბნება , – ამას ახლა ყელი უნდა გავუჭრათ, ტრაქეაში უნდა ჩადგეს აპარატი. რომ მოკვდება ყბა ჩამოუვარდებაო. ამიტომ რა აზრი აქვს აქ გაჩერებას, წაიყვანე სახლში და იქ მოკვდესო. ვუთხარი, ცოცხალი ადამიანი როგორ წავიყვანო და მოვკლა-მეთქი? აბა მე მომიკვდეს და მიცვალებული დამეწერესო“,- იხსენებს მაია ხმალაძე. აკაკი სალაყაია კი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მან პაციენტის პატრონს აუხსნა, თუ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანდნენ, ქალბატონს აპარატს ვეღარ მოხსნიდნენ და გარდაიცვლებოდა. „ვუთხარი, რომ სანამ ცოცხალი იქნება, ჩვენ აპარატის გამორთვის უფელბა არ გვაქვს, და თუ არ შევაერთებთ, იქნებ სახლში წაიყვანოთ და იქ გარდაიცვალოს-მეთქი“, – ამბობს სალაყაია. ექიმი ნინო გაბელია კი მაია ახალაიას პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.