სწავლობდა დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის თამარ მეფის სახელობის საპარტიარქოს სკოლაში, სადაც აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა: თექასა და მინანქარზე მუშაობის დაუფლება, ასევე მუსიკალური საკრავების შესწავლა.
ამჟამად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.
ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ამბობს, რომ ახლაც ათენებს ღამეებს და ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. – ქეთი თოფალაშვილის პერსონა.
– ბავშვობის ტკბილი წლები ჩემს სოფელში გავატარე. ყველაზე საინტერესოდ ალბათ ის მახსენდება, რომ ბავშვობაში ვხატავდი ფურცლებზე კაბების დიზაინს და ვცდილობდი, იდენტური თუ არა მსგავსი მაინც შემეკერა. მთელი დღის განმავლობაში შემეძლო ასე ხატვა და კერვა.. პარალელურად უბნის ბავშვებთან ერთად ვატარებდი ძალიან კარგ დროს.
– სკოლაში გამოირჩეოდა თქვენი ნახატები. აქტიურად კი მეცხრე კლასიდან ხატავთ…
– დიახ, გამოირჩეოდა.. საპრეზენტაციოდ ვხატავდი რუკებს, კიდევ სხვადასხვა ჩანახატს, რასაც თემა მოითხოვდა.
ხატვა აქტიურად მეცხრე კლასიდან დავიწყე. დღემდე ვინახავ ჩემს ნახატებს, რაც მახსენებს იმ ტკბილ მოგონებებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მოტივაცია იყო მასწავლებლის შექება, როგორც სიტყვიერად, ასევე ნიშნებით.
ჩემი პროფესიის გამო, აქტიურად ვერ ვახერხებ ხატვისთვის დიდი დროის დათმობას, რადგან დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მუდამ ვცდილობ, ხელი შევუწყო მის განვითარებას.
– პირველი ნამუშევრები…
– პირველად, – ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე” დავხატე. ძალიან მომწონდა პეიზაჟების ხატვა, მაგრამ იმ სიამოვნებას არ მანიჭებდა, რასაც ვეძებდი. შემდეგ, უკვე პორტრეტების ხატვა რომ ვცადე, მივხვდი, პორტრეტები უფრო ახლოს იყო ჩემს სულთან, ადამიანის თვალების ხატვა, განსაკუთრებით მოხუცების, დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.
– თბილისის თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს სკოლაში სწავლობდით…
– თბილისში სასწავლებლად გადასვლამ ძალიან დიდი როლი შეასრულა, როგორც პიროვნული, აგრეთვე შემოქმედებითი უნარის განვითარებაში. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო დიდი დრო არ გამიტარებია თბილისის სკოლაში, მაინც მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, თექაზე რომ დავდიოდი, ჩემი ხედვები თექაზე გადამქონდა, ახალ ტექნიკასთან მქონდა შეხება, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
– სწავლა და შემოქმედებითი საქმიანობა ერთად?
– რა თქმა უნდა, რთულია, პროფესია და ხატვა ერთმანეთს შეუთავსო. ხშირად ხდება ისე, რომ სწავლის გამო ხატვას ვერ ვახერხებ. მაგრამ როდესაც ხატვის სურვილი მიჩნდება, ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებ.
– როდის ხატავთ?
– ძალიან მიყვარს ღამით ხატვა. როდესაც ღამეს ვათენებ ხატვაში, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ყველაფერს გვერდზე ვდებ და დიდი დრო მაქვს, რომ მშვიდად ვხატო.
– ხატავთ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას? ვინ არიან პორტრეტების პროტოტიპები?
– ჩემთვის ყველაზე ახლოს მაინც გრაფიკული ნამუშევრებია. მათში, ფერეწერულისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ ემოციას ვხედავ. ჩემთვის გამორჩეულია უცხო გარეგნობის ადამიანების ხატვა, განსაკუთრებით ბავშვების და მოხუცების, ძირითადად, მოხუცების ხატვა, როდესაც სიტყვებით კი არა, ხატვით გადმოვცემ მათდამი ჩემს დამოკიდებულებას.
– შთაგონება?
– როგორც უკვე აღვნიშნე, მოხუცთა თვალებში ვხედავ გავლილი ცხოვრების მთელ ისტორიას, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩანდეს ის ემოცია, რასაც მათ თვალებში ვხედავ.
– საყვარელი მხატვრები…
– ჩემთვის ძალიან გამორჩეული მხატვრები არიან – ნიკო ფიროსმანი და ამადეო მოდილიანი. სადაც ძალიან მიყვარს მისი სიტყვები: „როცა შევიცნობ შენს სულს, მაშინ დავხატავ შენს თვალებს“.
– ერთი ნამუშევარი…
– ჩემს ნახატებს, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული ამბავი არ ჰქონია. მაგრამ ერთ მოგონებას გავიხსენებ: რამდენიმე ხატი დავწერე, რომლებიც წერის დროს ძალიან დიდ ძალას მმატებდა. ერთ-ერთი ჩემი დაწერილი ხატი სოფელ სამთაწყაროს წმინდა ნინოს მონასტერშია დაბრძანებული, მოძღვრის კურთხევით.
– როგორ შეიქმნა ერეკლე მეფის პორტრეტი?
– ძალიან მინდოდა ერეკლე მეფის დახატვა, მაგრამ დიდხანს თავს ვიკავებდი, რადგან საპასუხისმგებლო იყო. დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რომ დამეხატა ისეთი, როგორიც მე თვითონ იდეალურ ნამუშევრად წარმომედგინა.
– ჰობი…
– ხატვა, კითხვა…
– ოჯახი…
– მყავს უსაყვარლესი მშობლები და ორი უფროსი და.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?
– ხატვა ჩემთვის არის ის კომფორტის ზონა, სადაც შემიძლია ჩემი უნარი, ხედვა და შესაძლებლობები გამოვავლინო.
– სამომავლო გეგმები…
– ამ ეტაპზე პრიორიტეტი ჩემი პროფესიაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პროფესიასაც აუცილებლად დავეუფლები, რადგან ძალიან მიყვარს სიახლეები და ვცდილობ, ბევრ რამეში განვვითარდე.
თამარ შაიშმელაშვილი