ირაკლი კობახიძე – ომის გამოძიებასთან დაკავშირებით: „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში 

უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის ზოგადი განცხადება, რეალურად ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ქვეყანა არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ა.შ. ამიტომ, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს დოკუმენტი და ტალიავინის დასკვნა არის პირდაპირი მტკიცებულება და ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა.

„რაც შეეხება თვითონ დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამით მათ აღიარეს ომის დაწყება, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით და რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქ პროცედურა ხელმოწერას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და იმ დასკვნებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი ტალიავინის დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთიც და მეორეც როგორც ევროსაბჭოს დოკუმენტი ასევე ტალიავინის დასკვნა არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, იმისათვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები