თურქეთში „ინსტაგრამის“ აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი პირი დააკავეს
თურქეთის სასამართლომ პრეზიდენტის სიძულვილის წაქეზებისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. მან სოციალური ქსელის, “ინსტაგრამის” დაბლოკვა გააკრიტიკა,- ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გასულ კვირას, YouTube-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სანამ აპლიკაცია ჯერ კიდევ დაბლოკილი იყო, დაკავებული ქალი იყო ერთ-ერთი იმ გამვლელთაგან, რომლებსაც ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ “ინსტაგრამის” აკრძალვაზე.
“ეს არასწორია. პრეზიდენტს არ შეუძლია ინსტაგრამის აკრძალვა ისე, როგორც მას სურს”, – განაცხადა ქალმა.
მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ისინი, ვინც მხარს უჭერდნენ აკრძალვას.
თურქეთის მაუწყებლობის დამკვირვებელი “რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს” (RTUK) ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ქუჩის ინტერვიუები და თქვა, რომ ისინი ახორციელებენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას.
ინფორმაციისთვის, თურქეთმა „ინსტაგრამზე“ წვდომა 2 აგვისტოს, სოციალური მედიის „კანონებისა და წესების“ გამო აკრძალა, შემდეგ კი შეზღუდვა მოხსნა, რადგან „ინსტაგრამი“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.