6 აგვისტოს აღებული სინჯების კვლევის მიხედვით აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან

6 აგვისტოს აღებული სინჯების კვლევის მიხედვით აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევები ჩაატარა.
“ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელი პერიმეტრის შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია. კვლევების მიხედვით ყველაზე სუფთა ზღვის წყალი სარფი კვარიათისა და მახინჯაური მწვანე კონცხის ტერიტორიებზე დაფიქსირდა.
კვლევებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი ატარებს შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები