„ზამთრის პეიზაჟი“ ჩემი ხელახლა დაბადების სიმბოლო და ის სტიმულია, რამაც შემოქმედებითი ენერგია გამიღვიძა“ – მარინა გავაშელიშვილი

ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ პროფესიად ექიმობა არჩია, მოგვიანებით, პანდემიის დროს, კი ჰობს მიუბრუნდა. მალე ხატვა პროფესიად გადაიქცა. ამბობს, რომ ამაში დიდი წვლილი მეგობარ  მხატვარს – ქეთი ოძელაშვილს მიუძღვის.
2021 წლიდან მეგობრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს არტ-აუქციონებში, გამოფენებში: „ინდო-ქართულ“ ფესტივალში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სმირნოვების მუზეუმში, მხატვართა კავშირში.
მიწვეული იყო იტალიაში, სიცილიაზე. – მარინა გავაშელიშვილის პერსონა.

– ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ყოველთვის მომწონდა ფერების თამაში და სხვადასხვა ჩანახატების შექმნა. ბავშვობაში განსაკუთრებულად მაინტერესებდა ბუნება და ხშირად ვხატავდი პეიზაჟებს და ყვავილებს. ხელოვნების ნიჭი და სიყვარული ბაბუისგან მერგო, რომელიც რკინისგან ქმნიდა საოცარ სილამაზეებს.
– და მაინც, ექიმობა არჩიეთ…
– სასწავლო და კარიერული არჩევანი სამედიცინოზე შევაჩერე, რადგან ყოველთვის მქონდა სხვების დახმარების სურვილი. მედიცინა ჩემთვის იყო გზა, რომლითაც შემეძლო ადამიანებზე დადებითი გავლენის მოხდენა  და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
– 50 წლის ასაკში, პანდემიის დროს მიუბრუნდით ბავშვობის სიყვარულს… პირველი ნახატები…
– პანდემიის დროს, როდესაც ყველა ჩაკეტილი ვიყავით სახლებში, ბევრმა ჩვენგანმა აღმოაჩინა ძველი და მივიწყებული ჰობები. ჩემი გოგოს წყალობით, პირველად ავიღე ზეთის საღებავები და ფუნჯები ხელში და დავხატე ზამთრის პეიზაჟი. ეს იყო მრავალი წლის შემდეგ შექმნილი ჩემი პირველი ნამუშევარი, რამაც დიდი სტიმული მომცა ახალი ნახატების შესაქმნელად.
– ძირითადი პროფესია და ხატვა… როგორ ასწრებთ ყველაფერს?
– ჩემი ძირითადი პროფესია არის დედობა და ბებიობა. ყოველდღიური საზრუნავი ოჯახს უკავშირდება, ამიტომ ხატვას ძირითადად ღამით ვახერხებ. ეს არის დრო, როცა შემიძლია გამოვიყენო შემოქმედებითი ენერგია.
– როდის ხატავთ?
– ხატვას უმეტესად ღამით ვახერხებ, როდესაც ოჯახის წევრებს სძინავთ და სახლი მშვიდია. ეს დრო ჩემთვის არის და შემიძლია, თავისუფლად ვიყო შემოქმედებითი.
–  შთაგონება?
– შთაგონება ხშირად მოდის ყოველდღიური ცხოვრების დეტალებიდან: ბუნების სილამაზიდან, ყვავილების ფერებიდან, ოჯახური მომენტებიდან. ასევე, ჩემი მხატვარი მეგობრის, ქეთი ოძელაშვილის, მხარდაჭერა და რჩევები ძალიან მეხმარება.
–  ერთი ნამუშევარი…
–  ჩემთვის განსაკუთრებული ნამუშევარია ზამთრის პეიზაჟი, რომელიც პირველად დავხატე პანდემიის დროს. ეს ნამუშევარი არა მხოლოდ ჩემი ხელახლა დაბადების სიმბოლოა, არამედ ის სტიმულია, რომელმაც შემოქმედებითი ენერგია გამიღვიძა.–  ნატურმორტები, პეიზაჟები… რისი დახატვა გიყვართ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად მიყვარს პეიზაჟების, ნატურმორტების და ყვავილების დახატვა. მათში შემიძლია აღვბეჭდო და გამოვხატო ფერები, ფორმები და ტექსტურები, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და სასიამოვნოა.
– ჰობი…
– ჩემი მთავარი ჰობია ხატვა. ამის გარდა, მიყვარს ბაღში მუშაობა, კითხვა და დროის გატარება ოჯახთან ერთად.
– მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი გყავთ…
– ჩემი ოჯახი არის ჩემი ყველაზე დიდი მხარდაჭერა და შთაგონება. მათი სიყვარული და თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– გამოფენები. ჯილდოები…
– 2022 წელს დავიწყე ჩემი ნახატების არტ აუქციონებზე დადება და ასე გადაიქცა ჩემი ჰობი პროფესიად. აქტიურად ვარ ჩართული „არტ მეგობრების” მიერ ორგანიზებულ გამოფენებში და მონაწილეობა მივიღე „ინდო-ქართულ” ფესტივალში. რამდენიმე გამოფენაში ვმონაწილეობდი და რამდენიმე ჯილდოც მოვიგე. ასევე, მიწვეული ვიყავი ტელევიზიაშიც. ბოლოს გამოფენა გვქონდა იტალიაში, სიცილიაში, სადაც ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი გაიყიდა.
– სამომავლო გეგმები…
– მომავალში ვგეგმავ მეტი გამოფენის მოწყობას და ახალ-ახალი ტექნიკის შესწავლას. მინდა გავაგრძელო ჩემი შემოქმედებითი განვითარება და ჩემი ნამუშევრებით უფრო მეტ მოვუტანო სიხარული. ასევე, ვგეგმავ პერსონალური გამოფენის მოწყობასაც.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები