თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. პროკურატურას დასაკითხ მოწმეთა სიაში ჰყავს ბრალდებული ოთარ ცინდელიანი, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდების მხარეს ცინდელიანთან ბევრი შეკითხვა აქვს. დღევანდელ სხდომაზე ასევე, ბრალდებულსა და მოკლულს შორის არსებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გამოიკვლევენ.
ბრალდების მხარეს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის და მკაცრი სასჯელის მოლოდინი აქვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ ალტერნატიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აქვთ დანიშნული.
როგორც პროკურორი განმარტავს, დაცვის მხარეს მტკიცებულების წარმოდგენის წესი დარღვეული აქვს, შესაბამისად, აღნიშნულ ექსპერტიზის საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.