სკოლა წელს დაამთავრა, სწავლობდა ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში. დაინტერესებულია უიშვიათესი ხელოვნების, 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკით, რომელიც ფერადი ფურცლებისგან იქმნება.
ხატვამ დაახლოებით ორი წლის წინ, მე-11 კლასში გაიტაცა. პირველად ბიძაშვილის გასახარებლად მოინდომა ფურცლებისგან ყურძნის მტევნის დამზადება და ბევრი ცდის შემდეგ გამოუვიდა. 2015 წლიდან 3D ორიგამის ტექნიკაზეც მუშაობს,
ჰქონდა პერსონალური გამოფენაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სამომავლოდ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას აპირებს. – თვითნასწავლი ხელოვანის, მარიამ კოპაძის პერსონა.
– ხატვა მე- 11 კლასში დაიწყეთ…
– ხატვამ გვიან გამიტაცა, მე-11 კლასში გადავწყვიტე ხატვაზე სიარული. ჩემი პედაგოგი რუსუდან გელაშვილია. დაახლოებით ორი წლის წინ, პირველად ბიძაშვილის გასახარებლად მოვინდომე ფურცლებისგან ყურძნის მტევნის დამზადება და ბევრი ცდის მერე გამომივიდა. ამ ტექნიკის შესახებ ინფორმაციაც მოვიძიე და გადავწყვიტე, ამ საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი. ამასთან ერთად, 3D ორიგამის ტექნიკაზეც ვმუშაობ, რომელიც 2015 წლიდან დავიწყე. – გაინტერესებთ 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკა…
– ქვილინგი ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნებაა. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით. ქვილინგის ხელოვნების გარდა, 2015 წლიდან ვმუშაობ 3D ორიგამის ტექნიკით. ამ შემთხვევაში ნამუშევრის შექმნა მხოლოდ ქაღალდით ხდება და წებო არ გამოიყენება.
3D ორიგამი არცთუ ისე პოპულარულია საქართველოში და ამ ტექნიკით ცოტაა დაინტერესებული. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს და ქვილინგის ხელოვნებაც უცხოა. გამოფენებზე მათ ბევრი გაოცებული ათვალიერებს და ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდება.
– როგორ მუშაობთ?
– უფრო ხშირად ღამით, 12 საათის შემდეგ ვმუშაობ. ვფიქრობ, ჩემს ყველა ნამუშევარს შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, მაგრამ ალბათ მაინც გლობუსის აწყობის პროცესს გამოვარჩევ. აწყობის პროცესში შემომათენდა, თუმცა არ დამიძინია და დღის საათებიც აწყობას დავუთმე.
მინდოდა ნამდვილ გლობუსს დამსგავსებოდა და ადამიანებს ყველა დეტალის აღქმა შეძლებოდათ. ვფიქრობ, გამომივიდა.
– როგორ და რა მასალით მუშაობთ?
– ჩვეულებრივ, ვიყენებ A4 ზომის ფერად ფურცლებს და საკანცელარიო დანას. უმეტესად, წინასწარ არ ვგეგმავ, რის აწყობასაც ვაპირებ. თავისუფალ დროს ვჯდები და რაც მომდის პირველად აზრად, იმას ვაწყობ. ყოველთვის ვცდილობ, დიდი შინაარსით დავტვირთო ნამუშევარი და ჩავდო ის ემოცია, რომელსაც ყველა იგრძნობს.
– გამოფენა გქონდათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში…
– კი, მქონდა ორდღიანი გამოფენა. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის. გადავწყვიტე, არავინ დამეხმარა და საკუთარი ორგანიზაციით მომეწყო. მაშინ, როცა უკვე გავიგე გამოფენის თარიღები, პირველად ჩემს ხატვის მასწავლებელს და ოჯახის წევრებს დავურეკე და ვახარე ეს ამბავი. გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა, უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც შემდეგ პერსონალურ გამოფენებზე აუცილებლად გამოვიყენებ.
გამოფენას დაესწრო რამდენიმე ცნობილი ქართველი მხატვარიც, ზოგისგან რჩევები მივიღე, ზოგ მხატვარს კი ეგონა, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი; ზოგი ჩემმა ასაკმა გააკვირვა. მთლიანობაში ბევრი რამ შემძინა და რთულია ასე ჩამოთვლა.
– სამხატვრო აკადემიაში გინდათ ჩაბარება. ამ ტექნიკით მუშაობას ალბათ გააგრძელებთ. რომელ ფაკულტეტზე გადაწყვეტთ სწავლას?
– თავისუფალ დროს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ ტექნიკებით მუშაობასაც, რაც შეეხება სწავლას, ანიმაციების განხრით მინდა სწავლა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ, ამასთან ერთად, გრაფიკული დიზაინის კურსების გავლაც მინდა.
– ოჯახი…
– ოჯახში ხუთი წევრი ვართ, ძალიან გამიმართლა, ყოველთვის ყველაფერში მხარს მიჭერენ და მაქსიმალურად ხელს მიწყობენ. მყავს ერთი უფროსი ძმა, რომელიც 100%-იანი გრანტით სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ჩემს სტუდიაში ყოფნა და ხატვა, სადაც ყველაზე მეტად კომფორტულად ვგრძნობ თავს. თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ, სტუდიაში ავიდე და ვხატო.
– სამომავლოდ…
– სამომავლოდ უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს, სწავლასთან ერთად მინდა გავაგრძელო ჩემი საქმეც და მოვაწყო უამრავი გამოფენა საკუთარი ორგანიზებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.
თამარ შაიშმელაშვილი