განათლებით უცხო ენის ფილოლოგია. ბავშვობაში ხატავდა ყველგან, სადაც თავისუფალ ფურცელს ნახავდა. კოვიდის პერიოდში კი აქტიურად დაიწყო ხატვა. ამბობს, რომ უამრავი ნამუშევარი დაუგროვდა. მათი ნაწილი გამოფენილია ციფრულ გალერეაში. 200-მდე ნამუშევარი კი მეგობრებშია მიმოფანტული.
არის მხატვართა კავშირის წევრი. – მარინა იმერლიშვილის პერსონა.
– ბავშვობაში გოგონებს, ლამაზ კაბებს ვხატავდი, მოგვიანებით – შეყვარებულის თვალებს, ფანქრით, ყველგან, წიგნის ბოლო ფურცლებზე. ფრანგულს ფრანგი ულამაზესი ქალბატონი ანა შტომი გვასწავლიდა. მე ძალიან ვუყვარდი და სულ მიბიძგებდა უცხო ენებისკენ. მისი სიყვარულით უცხო ენებზე ჩავაბარე, მაგრამ სულ ვხატავდი, ადამიანებს თვალებში ვაკვირდებოდი.
– კოვიდის დროს დაიწყეთ ხატვა… პირველი ნამუშევრები…
– კოვიდის დროს იზოლირებული ვიყავი ყველასგან, მხოლოდ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ალბათ ყველასთვის. სამყარო ძალიან სათუთი გახდა. იზოლირებული, ვხატავდი დედამიწას, რომელსაც ჩვენი მოფერება და გაფრთხილება სჭირდებოდა. მაშინდელი გადმოსახედიდან თავს უსუსურად და დამნაშავედაც ვგრძნობდი, რომ ჩვენ – ყველა ერთად ვერ გავუფრთხილდით. ერთმანეთსაც არ ვუმხელდით, რომ ასე ძლიერ გვიყვარდა და გვჭირდებოდა ერთმანეთი. ადამიანები თვალსა და ხელს შორის გვიქრებოდნენ. ეს იყო ის განცდები, რაც ისედაც უძილო ღამეებს ხატვაში მათენებინებდა. როგორც შემეძლო, ისე ვხატავდი.
– ხატავთ პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს…
– პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, ზღვას… მაქვს, რა თქმა უნდა, ისეთი ნამუშევრები, რომელიც მეძვირფასება მაშინდელი ემოციის გამო და არა იმიტომ, რომ ის მართლა ღირებულად მიმაჩნია.
ჯერ ვერ შევქმენი საოცნებო და ღირებული ნახატი. ალბათ არ მყოფნის სათანადო ცოდნა და გამოცდილება. თუ ამას ოდესმე შევქმნი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ვხატავ, ძირითადად, ზეთით, მშრალი ფუნჯითაც მიცდია და აკრილითაც.
– ხშირად ხატავთ პორტრეტებს. პროტოტიპები?
– პროტოტიპები? ჩემი მეუღლე, ავტოპორტრეტიც მაქვს, ვინც მინდა, რომ დავხატო, ის ჯერ არ დამიხატავს,
– ხატვა და თქვენი პროფესია… როგორ ასწრებთ ერთად ორივეს? როდის ხატავთ?
– ახლანდელი ჩემი ძირითადი საქმიანობა – შვილების გაზრდა და მოვლა-პატრონობა თითქმის დავამთავრე. საბედნიეროდ, ისეთი ტკბილები მყვანან, რომ აქეთ მივლიან და მანებივრებენ. არ მაქვს ისეთი კომფორტული კუთხე, რომ შევიდე და ჩემს მოწოლილ მუზასთან გამოვიკეტო, განვმარტოვდე და ყურადღება არ გავფანტო, ეს, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელია. წინათ, უფრო ღამით ვხატავდი. მერე მივხვდი, რომ დღის შუქია საჭირო.
– 200-მდე ნამუშევარი დახატეთ… მათი უმრავლესობა გააჩუქეთ… რა განცდაა, როცა ნახატები სხვასთან მიდის?
– არც ერთი ისეთი ნახატი არ გამიჩუქებია, რომელსაც ჩემი გული თან გაჰყვა, პირიქით, ზოგ ოჯახში ჩემს გალერეას რომ ვხედავ, აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ, რომ ლამაზ ჩარჩოში დიდი პატივით ალამაზებს მათ გარემოს. პირიქით, მადლობელი ვარ და ხშირად გაოცებულიც, ნუთუ ეს მე დავხატე! არც იფიქროთ, რომ თავს მხატვრად ვთვლიდე, მე გადმოვცემ ჩემს სიყვარულს და ემოციას. მეტი არაფერი…
– ოჯახი…
– მეუღლე მყავს პროფესორი, მათემატიკოსი, ჩემი მკაცრი შემფასებელი… ვერაფერი მოვაწონე, თუმცა, როცა საჩუქრად მიმაქვს, მაშინ, მხოლოდ მაშინ ეძვირფასება.
ორი შვილი მყავს – ლაშა ხმალაძე, რომელმაც თბილისში ციფრული გალერეა შექმნა. ნათია ხმალაძე, განათლებით დიპლომატი, რომელიც არაჩვეულებრივად ხატავს და გამოფენაც ჰქონდა ავსტრალიაში და ცისფერ გალერეაშიც.
– ჰობი…
– ჰობიც ესაა და ჩემი სიყვარულიც. კერვაც მიყვარს და მუსიკაც.
– გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– ერთი ორ გამოფენაში წარმოვადგინე თითო ნახატი. თუ არ ჩავთვლით, რომ გაციფრულებულია რამდენიმე ნამუშევარი. მომავალში არ ვიცი, მე არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე, რომ გამოვფინო და ვინმე გავაოცო, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთი მაინც შევქმნა გასაოცარი.
თამარ შაიშმელაშვილი