„ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა. „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც ჯამში 1077 ბინა მოეწყობა.

პროექტის მიხედვით, მესაკუთრეებს, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. შენობებში გაზიფიცირების და ყველა სხვა საინჟინრო კომუნალური სისტემა მოეწყობა. სახლების ეზოების გამწვანება და სრულად კეთილმოწყობა განხორციელდება.

ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის N88 გამზირზე მშენებლობა 36 თვეში დასრულდება.

სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 112 236 484 ლარს შეადგენს.

ბაზრის კვლევაში დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, სამი 12-სართულიანი სახლი უკვე აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. პროექტის მეორე ეტაპზე,საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან ერთად, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები