ნათია თურნავა: ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურებას არ განაპირობებს – გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში ბაზარი კვლავაც სტაბილური გახდეს

ფუნდამენტური ფაქტორები, ყველაფერი არის ჯანსაღი და კეთილსაიმედო. ჩვენი საბანკო სისტემა მომგებიანი და ძლიერია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, შეგნებულად მოხდა დესტაბილიზაცია სავალუტო ბაზარზე, რამაც ლარის კურსზე იმოქმედა.

„სიმართლე არის ის, რასაც ვამბობთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურებას არ განაპირობებს. პირიქით, ბოლო 12 თვეზე მეტია საკმაოდ მყარია ლარი, სტაბილურია ფინანსური ბაზარი და ამას ჩვენი ბიზნესი, მოსახლეობა შეეჩვია და ცხადია, გარკვეულ წუხილს იწვევს მერყეობები, რაც ბოლო დროს ხდება. თუმცა, როგორც გითხარით, შემოდინების თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, იმ პროგნოზებით, რასაც ჩვენი დონორები და პარტნიორები აკეთებენ ჩვენთან მიმართებაში, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრის მონაწილეები, ბიზნესი, საფინანსო სექტორი სწრაფად ხვდება და ერთმანეთისგან არჩევს ცრუ და სერიოზულ ინფორმაციას, ხედავენ, რომ ეს არის არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი, რომელიც აუარესებს მოლოდინებს, მაგრამ ეს რისკები არ მატერიალიზდება. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში ბაზარი კვლავაც სტაბილური გახდეს“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები