ცნობილი ორმაგი აგენტები – კიმ ფილბი და არტურ ოუენსი
ჩვენ მოგვწონს ფილმები ჯაშუშებზე, ორმაგ აგენტებზე, დევნაზე, საიდუმლო შეხვედრებზე, შიფრებსა თუ გამოცანებზე, სადაც თავი მთავარი მოქმედი გმირების ადგილას წარმოგვიდგენია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვის ეს რეალური, ყოველდღიური ცხოვრებაა. ისტორიაში არაერთი მაღალი დონის ჯაშუში და ორმაგი აგენტი არსებობდა და რასაკვირველია, მომავალშიც იარსებებს. გადავწყვიტეთ, პერიოდულად, რამდენიმე მათგანზე მოგიყვეთ. ჩვენ უკვე მოგიყევით ოლეგ პენკოვსკიზე, დუშან პოპოვსა და ოლდრიხ ეიმსზე, დღეს კი, კიმ ფილბისა და არტურ ოუენსის შესახებ გიამბობთ.
კიმ ფილბი
საბჭოთა დაზვერვის ლეგენდარულმა ოფიცერმა, კიმ ფილბიმ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში წარმატებით იმსახურა MI6-ში და ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელიც კი გახდა. ფილბი ცნობილი „კემბრიჯის ხუთეულიდან“ ერთ-ერთი გახლდათ. „კემბრიჯის ხუთეული“ დიდ ბრიტანეთში საბჭოთა აგენტების ჯგუფს წარმოადგენდა, რომელიც 1930-იან წლებში არნოლდ დოიჩმა დააკომპლექტა. ფილბი ერთ დროს ამ დაჯგუფების ლიდერი იყო.
ის ახალგაზრდობიდანვე იზიარებდა კომუნისტურ შეხედულებებს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჯაშუში იდეისთვის მუშაობდა. მხოლოდ ომის დროს მან მოსკოვს 900-ზე მეტი ძვირფასი დოკუმენტი გადასცა. მისი ფარული საქმიანობის გამო, ფილბის პირველი ცოლი, ავსტრიის კომუნისტური პარტიის აქტივისტი ლიცი ფრიდმანი, მამაკაცს გაშორდა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ ქმარმა ლენინსა და მარქსიზმის იდეას უღალატა.
თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ორმაგი აგენტი კვლავ დაქორწინდა. ამჯერად საბჭოთა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელზე, რუფინა პუხოვაზე (ის გახდა მისი მეოთხე და უკანასკნელი ცოლი). მას შემდეგ, რაც „კემბრიჯის ხუთეული“ გამოავლინეს, ფილბი და ჯგუფის კიდევ ორი წევრი ფარულად წაიყვანეს მოსკოვში. სწორედ იქ გაატარა მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი და 1988 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქვრივმა გამოაქვეყნა რამდენიმე მემუარი, რომელშიც დეტალურად აღწერდა მათი ერთობლივი ცხოვრების წლებს, მომენტებს ფილბის ბიოგრაფიიდან და ჯაშუშის მოსაზრებებს.
არტურ ოუენსი
არტურ ოუენსი მეორე მსოფლიო ომის დროს პირველი ორმაგი აგენტი გახდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის მრავალი განსხვავებული სახელისა და ფსევდონიმის უკან იდგა. მაგალითად, გერმანელებმა მას იცნობდნენ, როგორც „ჯონისა“ და „ბირმენს“, ბრიტანელები კი, „თოვლს“ უწოდებდნენ. არტურ ოუენსი წარმოშობით უელსიდან იყო და ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა ანტიბრიტანული შეხედულებები. მან გერმანიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო.
ოუენსი გერმანელებს აწოდებდა ინფორმაციას ბრიტანული იარაღის, მათი საწყობების ადგილმდებარეობისა და აეროდრომის გეგმების შესახებ. დიდი რაოდენობით გადაცემული ინფორმაციის წყალობით, ოუენსმა მალე მოახერხა სოლიდური თანხის გამომუშავება.
ომის დაწყების შემდეგ არტურმა გადაწყვიტა, საქმე შემდეგ დონეზე გადაეყვანა. ის დაუკავშირდა MI6-ს და მათთან გააფორმა კონტრაქტი. ახლა ის გერმანიას ბრიტანელი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციას ჰყიდდა, თავის მხრივ კი, ბრიტანეთს გერმანელი ჯაშუშების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. როდესაც ომი დასრულდა, არტური პენსიაზე გავიდა და გულუხვად დაჯილდოვდა კიდეც.