ცნობილი ორმაგი აგენტები – დუშან პოპოვი და ოლდრიხ ეიმსი
ჩვენ მოგვწონს ფილმები ჯაშუშებზე, ორმაგ აგენტებზე, დევნაზე, საიდუმლო შეხვედრებზე, შიფრებსა თუ გამოცანებზე, სადაც თავი მთავარი მოქმედი გმირების ადგილას წარმოგვიდგენია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთათვის ეს რეალური, ყოველდღიური ცხოვრებაა. ისტორიაში არაერთი მაღალი დონის ჯაშუში და ორმაგი აგენტი არსებობდა და რასაკვირველია, მომავალშიც იარსებებს. გადავწყვიტეთ, პერიოდულად, რამდენიმე მათგანზე მოგიყვეთ. ჩვენ უკვე მოგიყევით ოლეგ პენკოვსკიზე, დღეს კი, დუშან პოპოვსა და ოლდრიხ ეიმსზე გიამბობთ.
დუშან პოპოვი
დუშან პოპოვი ცნობილი აგენტის, 007-ის პროტოტიპად ითვლება. ის იყო მაღალი, თავდაჯერებული, ქარიზმატული, ადვილად ხიბლავდა ქალებს და ასევე, ადვილად იტყუებოდა. სერბი მამაკაცი შესანიშნავად საუბრობდა გერმანულად და თანამშრომლობდა გერმანიის დაზვერვის სამსახურებთან, ხოლო ჰიტლერი მთელი გულით სძულდა.
დუშანი MI6-ში (ბრიტანეთის საიდუმლო ინფორმაციის სამსახური) მუშაობდა. ერთ დროს ბრიტანული დაზვერვის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მას სხვა აგენტი – გერმანელი ოფიცერი იოჰან იებსენი უნდა გადაეცა. ამის შემდეგ დაიწყო მათი მჭიდრო თანამშრომლობა – დუშანმა მთელი ინფორმაცია გადასცა მათ, საკუთარი საიდუმლო კოდითა და უხილავი მელნით. ყველაფერი ისე, როგორც ჯაშუშურ ფილმებში…
გერმანული მხარე ისე ენდობოდა დუშანს, რომ მაშინაც კი, როცა ინფორმატორი იებსენი გამოავლინეს, მასთან მუშაობა მაინც განაგრძეს. 1941 წელს აგენტი შეერთებულ შტატებში სარაკეტო სისტემების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად გაგზავნეს, მაგრამ ჩასვლისთანავე ის CIA-ს დირექტორს დაუკავშირდა და „ორ ფრონტზე“ დაიწყო მუშაობა.
დუშანის თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან დიდხანს არ გაგრძელებულა. ამერიკელებმა არ მოიწონეს ის პრინციპები, რითიც ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა. როდესაც პოპოვმა მათ პერლ-ჰარბორზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ის, უბრალოდ, უგულებელყვეს და აგენტი კარიდან გააგდეს.
გარდაიცვალა 1981 წლის 18 აგვისტოს, 69 წლის ასაკში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ ის გახლავთ იან ფლემინგის „ჯეიმს ბონდის“ პროტოტიპი. ფლემინგი დუშანს მეორე მსოფლიო ომის დროს შეხვდა.
ოლდრიხ ეიმსი
ოლდრიხ ეიმსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა ჯაშუში იყო, რომელიც ამავე დროს CIA-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ის ამერიკულ დაზვერვაში მამამისმა აიყვანა, რომელიც თავად მსახურობდა ამ ორგანიზაციაში. თუმცა, ჩვეულებრივი კომერიცული მიზნებით, აგენტმა КГБ-სთან თანამშრომლობა დაიწყო. იმ დროს ეიმსი განქორწინების პროცესს გადიოდა და მეგობარი ქალის უზარმაზარ ვალებს იხდიდა.
ეიმსმა გადაწყვიტა, რომ CIA-ს საიდუმლო ინფორმაციის КГБ-სთვის გადაცემით, ფულის გამომუშავება შეიძლებოდა და აბსოლუტურად მართალიც იყო. ეიმსის ჰონორარი მილიონობით დოლარს შეადგენდა. თუმცა, კაცს არ ჰქონდა დრო, დაეხარჯა მთელი თავისი სიმდიდრე. მან იყიდა მდიდრული სახლი ვაშინგტონთან ახლოს, Jaguar-ის მარკის მანქანა, მრავალი ნახატი და ანტიკვარული ფიგურა, 165 ათასი დოლარის ღირებულების აქციები, ორი ბინა და ფერმა ცოლის სახელზე. 1994 წელს ოლდრიხს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯა და ქონებაც ჩამოართვეს. როდესაც მის შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა, ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს შორის მნიშვნელოვნად გაცივდა, თუმცა ბორის ელცინი კვლავ ამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა ეიმსის საიდუმლო საქმიანობის შესახებ.
ოლდრიხ ეიმსი პენსილვანიის უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში დღემდე იხდის სასჯელს.