ქეთი ვაწაძის პრაქტიკული ასტროლოგია
სფერო, რომელშიც იგი მოღვაწეობს, კაცობრიობის უძველესი სწავლებაა… სწავლება, რომელიც საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის 21-ე საუკუნეშიც კი მითების ბურუსითაა მოცული… მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ამ პროფესიის ადამიანებს ზოგი ჯერ კიდევ უნდობლად უყურებს, ბევრისთვის ის რაღაც გარდამავალი რგოლია მკითხავსა და წინასწარმეტყველს შორის…
– როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი, რატომ დაინტერესდი ასტროლოგიით?
– ასტროლოგიით ჩემი დაინტერესება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. როდესაც პირველად ხელში ჩამივარდა ასტროლოგიური ინფორმაცია, კერძოდ, ნიშნების დახასიათება, შოკში ჩავვარდი… გაოგნებული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, საიდან იცოდა ვიღაცამ, როგორი ვიყავი და რა მინდოდა… რა მიდრეკილებები მქონდა… რა მინუსები… მოკლედ თავიდანვე მოვინუსხე… ეს სიყვარული დღემდე მომყვება.
ამას შემდგომ მოყვა უკვე გადაცემები მე-2 არხზე, სადაც მიხეილ ცაგარელთან ერთად დავიწყეთ გადაცემა: ,,ზოდიაქო“, კეთება – რეჟისურა, სცენარი ჩვენი იყო და ჩვენვე ვუძღვებოდით გადაცემას. ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზული ნაბიჯები ასტროლოგიაში. იმ დროისთვის ეს იყო, მართლაც, ძალიან საინტერესო და კრეატიული პროექტი, ვინაიდან ანალოგი არ არსებობდა. და ისედაც, ასტროლოგია ხომ ,,მჩხიბაობასთან“ და რაღაც შავ-ბნელ სფეროსთან ასოცირდებოდა (ზოგისთვის დღესაც ასეთად რჩება)?! სწორედ ამ სტერეოტიპის დანგრევა და საზოგადოებისთვის ასტროლოგიური ცოდნის პოპულარულ ენაზე მიწოდება, მათი დაინტერესება იყო ჩვენი ამოცანა, რასაც, ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი.
– ასტროლოგია დღემდე არაზუსტ მეცნიერებად ითვლება, მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ბევრი ასტროლოგებს როგორც შარლატანებს (მომიტევე, შენც და ყველა ასტროლოგმა) ისე უყურებს… შენი აზრით, რით არის ეს განპირობებული?
– (იცინის) მართალი გითხრა და სულაც არ მწყინს, თუ ასტროლოგიაში გაუცნობიერებელი ადამიანები ასტოლოგიას შარლატანობად მიიჩნევენ, ვინაიდან ისინი დასკვნას აკეთებენ მხოლოდ იაფფასიან ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი საეჭვო ე.წ. პროგნოზების მიხედვით, სადაც კაცმა არ იცის, რა წერია (იცინის)! იგივე აზრის ვარ მეც! მით უფრო, თუ ამ ე.წ. პროგნოზების ქვეშ არ არის მითითებული ავტორი – ანუ არცერთი ასტროლოგი არ იღებს მასზე პასუხისმგებლობას…ანუ, ნებისმიერ ადამიანს, ჟურნალისტს (მათ შორის უცხოურ ვებგვერდებზეც, საიდანაც, ძირითადად, იღებენ და თარგმნიან ჩვენი ჟურნალისტები) შეუძლია თვითონვე შეთხზას რაიმე პროგნოზისმაგვარი და გაასაღოს ასტრო – ინფორმაციად… და ვინ გადაამოწმებს?!
აი, რაც შეეხება პროგნოზებს, რომლებიც პროფესიონალი ასტროლოგის მიერაა შემოთავაზებული – მათი ნდობა უფრო შეიძლება, მაგრამ არც აქაა მარტივად საქმე, ვინაიდან ეს პროგნოზი მაინც ზოგად სახეს ატარებს და შეუძლებელია ყველასთვის გამართლდეს… აქ უკვე ასტროლოგიური ნიუანსები შემოდის – ანუ რამდენად კლასიკური და ტიპური ნიშანია ადამიანი, როგორი პირადი რუკა, ანუ ჰოროსკოპი აქვს და სხვ.
შეუძლებელია ყველა ნიშანს იმ კონკრეტულ დღეს ან იმ პერიოდში დადებითი ან უარყოფითი ტენდენციები ჰქონდეს, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და გასაღები სწორედ პირად რუკაში დევს… და სწორედ იქ უნდა ინახოს და გაკეთდეს პროგნოზი, რომლის ახდენის ალბათობაც უკვე საკმაოდ მაღალია (მაგრამ მაინც არა ასპროცენტიანი!)… ეს უკვე სხვა თემაა… და ამგვარი პროგნოზი უკვე მუშაობს!
აი სწორედ, ამდენს რომ ვერ აუხსნი ყოველ ჯერზე ასტროლოგიაში ჩაუხედავ მკითხველს, ამიტომაც ჩვენს ვებგვერდზე: ასტროლოგია.გე არ ვდებთ ყოველდღიურ პროგნოზებს, თუმცა ძალიან დიდი მოთხოვნაა მათზე და მიუხედავად გამართლების დაბალი მაჩვენებლისა, ადამიანებს მაინც აქვთ სურვილი, რაიმე მაინც გაიგონ თავიანთ შესახებ.
– შენ თვითონ რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხარ და რაში გეხმარება ასტროლოგია, როგორ იყენებ ცხოვრებაში?
– მე თხის რქა ვარ. წესით, ასტროლოგია, ეზოთერიკა – ნაკლებად აინტერესებს ამ ნიშანს, მას უფრო მატერიალური სამყარო და მასთან დაკავშირებული ინტერესები აქვს. აბა, სად სცალია ახლა ასეთი „ზეამაღლებული“ თემებითვის, როდესაც უამრავი საქმე და რეალური მწვერვალი აქვს დასაპყრობი?! აი, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ზემოთ – ადამიანის ინდივიდუალურობა მის პირად რუკაშია… მე ვარ თხის რქა, რომელსაც ეზოთერულ სწავლებებში უფრო ხიბლავს მწვერვალების დაპყრობა, ვიდრე მატერიალურ სამყაროში.
რაში მეხმარება ასტროლოგიური ცოდნა? რომ ვთქვა, მიჯაჭვული ვარ ასტროლოგიაზე და ფეხს არ ვადგამ სახლიდან, თუ რუკაში არ ჩავიხედეო, ნამდვილად არ იქნება მართალი… ჩემი რუკის ანალიზს და მოსალოდნელი ტენდენციების (და არა აუცილებლობის !!!) ანალიზს ვაკეთებ მაშინ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები… ან მინდა უბრალოდ, წინასწარ განვსაზღვრო დრო, როდესაც რაიმე სირთულე და პრობლემური პერიოდი მელის, რათა თადარიგი დავიჭირო და მომზადებული შევხვდე, როგორც დადებითი პროგნოზის შემთხვევაში (გამოვიყენო მოცემული შანსი), ასევე უარყოფითის დროსაც… მაგალითად, თუ ვხედავ რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების ალბათობაა მოსალოდნელი – ვიტარებ პროფილაქტიკურ მკურნალობას… ან უბრალოდ ვფრთხილობ ამ პერიოდში… თუ ვხედავ კილნკლაობის ან დაპირისპირების ალბათობას – ვერიდები, კონკრეტულ სიტუაციებს ან ადამიანებს…
– მოგვიყევი შენს ამჟამინდელ საქმიანობაზე, სად ხარ და რას აკეთებ?
– ასტროლოგია.გე პირველი ასტრო-ეზოთერული ინტერნეტჟურნალია საქართველოში, რომელიც ფონდმა “აჰუაჰუ – კულტურის განვითარებისთვის” 2011 წელს ჩაუშვა. მისი მიზანია ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე არსებული ეზოთერული, ასტროლოგიური, ოკულტური ცოდნისა და ქართული მითოლოგიის პოპულარული ენით საზოგადოებისთვის მიწოდება.
ვებგვერდი ფონდის დამფუძნებლების, ანუკა ლომიძისა და კოკა ვაშაკიძის მიერ დაარსდა, მე პროექტის თანაავტორი, ასტროლოგია.გე -ს რედაქტორი და ადმინისტრატორი ვარ.
თითქმის 4 წელია, რაც ჩვენი ვებგვერდი არსებობს. გვაქვს ანალოგიური ფეისბუქის გვერდიც, სადაც 15 000-მდე წევრია გაერთიანებული, იქ საინტერესო და პოზიტიური ადამიანები ერთმანეთს თავის ცოდნას უზიარებენ. ჩვენ აღმოვჩნდით, ასე ვთქვათ, ის შუქურა, სტიმული, რამაც გამოიწვია ნამდვილი ასტრო – ბუმი საქართველოში – შეიქმნა უამრავი ასრტო-ეზოთერული ვებგვერდი თუ ბლოგი, ჯგუფი ფეისბუქზე… და, როგორც ვხედავ, ინტერესი ამ სფეროების მიმართ დღითი დღე იზრდება და ეს არ არის შემთხვევითი – მერწყულის ეპოქა შემოვიდა!
– შეგიძლია თუ არა, ახლად გაცნობილი ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი გამოიცნო?
– ადამიანის ზოდიაქოს ნიშნის გამოცნობა, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლებელია და პირდაპირ, უშეცდომოდ შეგიძლია ივარაუდო მისი მზის ნიშანი, თუმცა, ამის გაკეთება ზოგჯერ შეუძლებელია, ვინაიდან გარეგნობას, იმიჯს განსაზღვრავს ე.წ. ასცედენტი, ანუ დაბადების მომენტში ამომავალი გრადუსი, ან მარტივად – ჰორიზონტზე ამომავალი ზოდიაქოს ნიშანი – სწორედ ამ ნიშნის გავლენა აისახება ადამიანის გარეგნობაზე, ჰოროსკოპის პირველ სახლში მოხვედრილ პლანეტებთან ერთად. ამიტომაცაა ასეთი განსხვავება ერთი და იგივე ნიშნის წარმომადგენელთა შორის… ერთ, ვთქვათ, ვერძს შესაძლოა, ასცედენტი თევზებში დაუჯდეს, რაც, ერთი შეხედვით, მასზე მეოცნებე, მორიდებული, რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას შეგიქმნით, და მეორე – ვერძს კი შესაძლოა, ასცედენტი ისევ ვერძის ნიშანში აღმოაჩნდეს – ამიტომ იქნება აქტიური, პირდაპირი, ზოგჯერ უხეშიც კი… შინაგანი ნატურით, რასაკვირველია, ორივე ვერძია, აი გამოხატულება, პირველადი იმპულსი კი, განსხვავებული ექნებათ…
– რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ადამიანს ასტროლოგიამ?
– ასტროლოგას დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია არამარტო ინდივიდისთვის, არამედ სრულიად კაცობრიობისთვის, თუ, რასაკვირველია, შეგიძლია და იცი ამ ცოდნის გამოყენება…
საქართველოში ოდითგანვე ფლობდნენ ასტროლოგიურ ცოდნას. ჩვენი დიდი მეფეები არათუ ერკვეოდნენ, თავისი ხელითაც კი ადგენდნენ რუქებს. ეს ცოდნა ჰქონდათ სასულიერო პირებსაც და უბრალო ერისკაცებსაც, რომლების უფრო სოფლის მეურნეობის ასტროლოგიაში ერკვეოდნენ და ამ ცოდნაზე დაყრდნობით წარმართავდნენ თავიანთ მეურნეობას – ხვნა, თესვა, მოსავლის აღება და ა.შ.
ასტროლოგიაში ბევრი მიმართულებაა და თითოეული დარგი საინტერესო და მნიშვნელოვანია. არსებობს პიროვნების, ქვეყნის, ურბანული, სასიყვარულო (ურთიერთშეთავსების), ბიზნეს და სამედიცინო და ა.შ. ასტროლოგია.
ჰოროსკოპის მეშვეობით ადამიანს ეძლევა საშუალება, შეიცნოს საკუთარი თავი, მიიღოს პასუხი კითხვაზე – რისთვის გავჩნდი? რა არის ჩემი მისია? რომელია ჩემი სულიერი განვითარების გზა? სად მაქვს წარმატების მეტი შანსი? რა მჭირდება ამისთვის? რა მიშლის ხელს და როგორ გადავლახო ეს დაბრკოლებები? ანუ, ადამიანს ეძლევა საშუალება, მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება და ნაყოფიერად გამოიყენოს სამყაროდან მისთვის მიცემული რესურსი, თავი აარიდოს და ისწავლოს სიძნელეებთან გამკლავება, გახდეს უფრო წარმატებული და შესაბამისად, ბედნიერი.
ასევე, ასტროლოგია ფასდაუდებელია მრჩეველია მედიცინაშიც. თუ განვიხილავთ ადამიანის სხეულს, როგორც მიკროკოსმოსს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასზე მოქმედებენ კოსმიური კანონები, ეს კანონები კი ექვემდებარებინ პლანეტებს.
წარსულის უდიდესი მკურნალები ამავდროულად კარგი ასტროლოგბიც იყვნენ. ანტიკური მედიცინის რეფორმატორის, ჰიპოკრატეს (470-377 ჩვ. წ. აღ-მდე) მტკიცებით, შეუძლებელია იყო კარგი ექიმი, თუ არ იცი ასტროლოგია და მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარგად შეისწავლი ავადმყოფის ჰოროსკოპს, ანუ პირად რუკას. სამწუხაროდ, ჰიპოკრატეს ეს მიდგომა, ასტროლოგიური ნაწილი დღეს-დღეობით სრულიად უგულებელყოფილი და ამოღებულია მისი ნაშრომებიდან. თუმცა თანამედროვე მედიცინის ძირითადი პრინციპი – უმკურნალო ავადმყოფს და არა დაავადებას – ესევ და ისევ, ჰიპოკრატეს ეკუთვნის…
კარგი ექიმ – ასტროლოგი იყო ასევე გალენი (II საუკ), რომელმაც აღმოაჩინა მთვარის აქტივობის ციკლების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ცნობილი ასტროლოგები: მატერნი და პტოლომეუსიც თავიანთ ნაშრომებში სწორედ ჰიპოკრატესა და გალენის ნაშრომებს ეყრდნობოდნენ.
ასტრომედიცინაში დიდი წვლილი ასევე არაბ ასტროლოგებს – ალ ბატენს, ბენ ხალსა და ავიცენას მიუძღვით, რომელმაც საექიმო მეცნიერების კანონი დაწერა.
ასტროლოგია და მედიცინა ადამიანის სხეულს განიხილავს როგორც სულისა და სამშვინველის ტაძარს. ასტრო- მედიცინა ამბობს, რომ ნებისმიერ დაავადებას სულიერი და კარმული მიზეზები აქვს.
ძალიან დიდი, ფასდაუდებელი სარგებლობის მოტანა შეუძლია მუნდანურ (ქვეყნის) ასტროლოგიას! ხელისუფლების წარმომადგენლებს ოდნავ მაინც რომ გაეთვალისწინებინათ თუნდაც ელემენტარული ასტროლოგიური რჩევები, ბევრად წარმატებულ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით! იქ, სადაც ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი ქვეყნყის პრეზიდენტს ჰყავს ასტრო – მრჩევლები, რა გახდა, რომ მნიშვნელოვნი გადაწყვეტილებების მიღების წინ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოცდილი და მცოდნე ასტროლოგის აზრიც გაითვალისწინოს? რა დაშავდება ამით? არაფერი! აი წარმატების შანსი კი ნამდვილად გაიზრდება! ჩემთვის მართლა გაუგებარია, როდესაც გაქვს რაიმე შანსი, რომ შენი მისია ბოლომდე და კარგად შეასრულო, რატომ არ უნდა გამოიყენო ამისთვის ყველა რესურსი, თუნდაც თავიდან არასანდოდ მიიჩნევდე!?
– ასტროლოგია და ქრისტიანობა… როდის და რა მიზეზით მოვიდნენ ისინი წინააღმდეგობაში?
– ეს ძალიან ვრცელი და საინტერესო თემაა, ძნელია, მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა სათქმელი… პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს არ იყო თავიდანვე ასე, პირიქით, ასტროლოგია იყო დამხმარე, შუა რგოლი რელიგიასა და მეცნიერებას შორის. სასულიერო პირები ფლობდნენ ამ ინფორმაციას და იყენებდნენ კიდეც. ძირითადად, დაპირისპირება, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოხდა რეინკარნაციის თემის გამო, რასაც ასტროლოგთა ნაწილი იზიარებს. არსებობს სხვა მიზეზებიც – ფატალურობა! ბევრის აზრით, ასტროლოგია იმიტომ აიკრძალა, რომ ის ახდენდა ფატალობის, ანუ გარდაუვალი ბედისწერის პროპაგანდას. მე ვფიქრობ სწორედ ეს არის ასტროლოგიის არასწორად გაგება. რომელ გარდაუვალობაზე და ფატალიზმზეა საუბარი, როდესაც ადამიანს თავისუფალი ნება აქვს?
ფატალობა დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც არც არაფერს აკეთებ ცხოვრებაში და დინებას მიყვები, როდესაც არ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და ელოდები, ვინ რას მოგცემს, რას გამოიმეტებს შენთვის სამყარო… მართალია, ჩვენ, ყველანი, განსხვავებული პოტენციალით (ბედით) ვიბადებით, მაგრამ… არ არსებობს რუკა, რომლის სასიკეთოდ ამუშავებაც არ შეიძლება! სწორედ აქ მთავრდება ფატალიზმი!
– ორი სიტყვა ოჯახზე, მისი დამოკიდებულება ასტროლოგიისადმი, რამდენად შენს იზიარებენ რჩევებს?
– თავიდან, რასაკვირველია, ადგილი ჰქონდა ქილიკს და სკეპტიკურ დამოკიდებულებას ასტროლოგიის მიმართ (იცინის), მას შემდეგ, რაც თითოეულმა მათგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა პლანეტების, ე.წ. ტრანზიტების ძალა, ეს დამოკიდებულება ცნობისმოყვარეობით შეიცვალა… ახლა უკვე მოსვენება აღარ მაქვს და თუ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს ვინმეს მისაღები, ან ნუგეშის საცემია, ჩემს გარეშე ეს ყოველივე აღარ ხდება… ამას ემატებიან ნაცნობ – მეგობები, ფეისბუქის „ფრენდები“ და… ხანდახან მინდა ამ ყველაფერზე უარი ვთქვა, იმდენად დამღლელი სამუშაოა, იმდენი დრო და ენერგია სჭირდება თითოეულ ადამიანს, რომ დააკვალიანო, არადა თხის რქის პასუხისმგებლობა უფლებას არ მაძლევს, რომ ვინმე უყურადღებოდ დავტოვო და თან, სწორედ ამას მოიხოვს ჩემი პირადი მისია – გავცე ინფორმაცია, ცოდნა, მით უფრო ეზოთერული, რის კეთებაშიც უკვე სამყარო მეხმარება… ასეა, როდესაც ერთ ნაბიჯს დგამ სამყაროსკენ, ის ხუთს დგამს, შენს შესახვედრად (იცინის)!
რომ არა კონკრეტული შედეგები, ამდენი სამადლობელი სიტყვა ადამიანებისგან, რომლებმაც რეალურად სასიკეთოდ შეცვალეს თავიანთი ცხოვრება ასტროლოგიის და, კერძოდ, ჩვენი ვებგვერდისა და ჯგუფის მეშვეობით, ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი და არც სტიმული მექნებოდა. ასტროლოგია ,,მუშაობს“! – ამის ხილვა ყოველ ჯერზე – ერთი სიამოვნებაა!
– სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი, ორი სიტყვით…
– არის გარკვეული პროექტები, რომლის განხორციელებასაც ახლო მომავალში ვგეგმავთ და დაინტერესებული საზოგადოება მალე იხილავს ამას. ასევე, ვაპირებთ ახალი, საინტერესო ნაშრომებით გავამდიდროთ ჩვენი ვებგვერდი, რომლის კეთებაშიც გვერდით გვიდგანან კეთილი და ღრმა ადამიანები, მადლობა მათ – ძველ და ახალ ავტორებს, რომლებიც ასე დაუზარელად და უანგაროდ უზიარებენ ცოდნას ეზოთერიკით დაინტერესებულ ადამიანებს… იდეების ჰაერში ყრას არ ვაპირებ (იცინის), ამიტომ, მხოლოდ ამას ვიტყვი, შემოგვიერთდით, თქვენ უამრავი საინტერესო რამ გელოდებათ…
გიორგი მიქაძე