„ბავშვები ქართულ მხატვრობაში” – სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს

28 მაისს, 13:00 საათზე, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული საბავშვო თემაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა – „ბავშვები ქართულ მხატვრობაში”  გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ტრადიციის კვალად, საქართველოში მოღვაწე ქართველმა და არაქართველმა მხატვრებმაც ბავშვთა სახეების გამორჩეული გალერეა შექმნეს. მათი ნახატების უმრავლესობა სამუზეუმო ფასეულობაა, თუმცა მათ საზოგადოება პირველად იხილავს.
სახვით ხელოვნებაში ბავშვებისა და ბავშვობის უნიკალური ფენომენის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების პროგრესის წარმოჩენაა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით მომზადებული ამ გამოფენის კონცეფცია. ეს არის შეხსენება, რომ ბავშვი სამყაროს მარადიულობის სიმბოლოა და უფროსი თაობის უპირველესი მოვალეობაა, მას უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
გამოფენის კურატორები არიან: ირინე აბესაძე, მარიამ დვალი; . ორგანიზატორი – ბავშვთა საერთაშორისო ფონდი.
გამოფენა 28 მაისიდან 23 სექტემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები