დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკის განხრით. 25 წლის ასაკში დატოვა საქართველო და 20 წელი ცხოვრობდა საბერძნეთში.
ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად დაიწყო ხატვა – ფიროსმანის გამოფენამ გადაწყვიტა შეასრულა დიდი როლი – 45 წლის ასაკში ეს მისთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო თუმცა, შემეცნებითი და საინტერესო…
არის მხატვართა კავშირის წევრი. ,,არტ მეგობრების“ ჯგუფის წევრი.
მონაწილეობდა 50-მდე ჯგუფურ გამოფენაში – საქართველოში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში (ლეონარდო და ვინჩის პრიზი), დუბაიში, ესპანეთში, ინდოეთში (მიღებული აქვს საერთაშორისო პრიზი), აამერიკის შეერთებულ შტატებში…
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო საკუთრებაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
ამჟამად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგრძელებს საქმიანობას … ემზადება მასშტაბური პროექტისთვის. – ფიქრია კოხოძის პერსონა.
– ქუთაისში დაიბადეთ. ბავშვობა, რა იყო ბავშვობიდან საინტერესო?
– დავიბადე ქუთაისში, 1973 წლის 14 თებერვალს , ყველა ბავშვივით ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ვსწავლობდი ქუთაისის 30-ე სკოლაში… 12 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავედით ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში (მამა ბაღდათიდან იყო წარმოშობით), სადაც დავამთავრე სკოლა… ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს და ჩემი ლექსები „ნორჩ ლენინელშიც“ გამოქვეყნდა… ვთამაშობდი ჭადრაკს და რამდენიმე ტურნირი მოვიგე… ყოველთვის ვოცნებობდი ნონა გაფრინდაშვილთან თამაშს და ეს სურვილი ამერიკაში 50 წლის ასაკში ავისრულე.
– ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკის განხრით დაამთავრეთ. 25 წლისამ დატოვეთ საქართველო, 20 წელი საბერძნეთში იცხოვრეთ… როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?
– არ მიყვარდა სტანდარტები, ჩარჩოები. ყოველთვის ვებრძოდი უსამართლობას და ალბათ ეს იყო ჟურნალისტიკაზე ჩემი ჩაბარების წინაპირობა…
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მოგეხსენებათ, როგორი მძიმე და რთული იყო 90-იანი წლები… დაკარგული აფხაზეთი (დედა სოხუმელია) – სამოქალაქო ომი, უშუქობა – უგაზობა…
25 წლის ასაკში დავტოვე საქართველო და საბერძნეთში დაახლოებით 20 წელი ვიცხოვრე… ადვილი არ იყო ემიგრანტობა… როცა აუცილებლობა მოითხოვდა, გაგეკეთებინა ის, რაც შენ არ მოგწონდა და არ გიყვარდა… აი, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ნებისყოფა ბერძნებმა გამოაწვრთნეს…
საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო…. საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიარე და უბედნიერესი ვიყავი – დაბრუნებისთანავე დავამთავრე სამედიცინო კოლეჯი – შევიძინე ბევრი მეგობარი… და აი, მოვედი მთავარ მიზეზთან …
– ხატვა მოულოდნელად 45 წლის ასაკში დაიწყეთ…
– ერთ დღეს ვესტუმრეთ ფიროსმანის გამოფენას და რამდენიმე საათი ვიდექი – არა ვიჯექი, კარგად მახსოვს (ფოტოც არსებობს) და მწვანე ფერთან მხოლოდ ფიროსმანისეულ მწვანე ფერთან და ჩემს ქვეცნობიერთან შედგა დიალოგი… დღესაც არ ვიცი, რა მოხდა ამ დროში… მეორე დღეს ვყიდულობ ფუნჯებს, საღებავებს და ვიწყებ ხატვას… ვფიქრობ, სურვილი შესაძლებლობას ეძებდა ან პირიქით… არ ვიცი, პირველად ჩემში რომელი დაიბადა.
პირველი ნახატი იყო ორი გედი შავ ფონზე… აკრილით – ტილოზე. უკვე ის პერიოდია, პანდემია რომ დაიწყო… საქართველოში არის პლატფორმა „არტ აუქციონი“ და იქ განვათავსე. გამოჩნდა მყიდველი – მაგრამ რაღაც ტაქტი არ მომეწონა მისი მხრიდან და საბოლოოდ უარი ვუთხარი… ეს ნახატი დღეს ჩემს საუკეთესო მეგობრის სახლს ამშვენებს, საიმედო ხელშია.
– უცნაური ნახატები გაქვთ, გგონია, რომ ბროლის ნაკეთობებია, არადა ნახატებია…
– მიყვარს სირთულეები… ისე მომეწონა – სვაროვსკის ვაშლები – ვცდი-მეთქი, ვთქვი – ეს იყო ჩემი თილისმა.
ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში… მეც სტიმული მომეცა და მივყევი სვაროვსკის ფიგურების ხატვას… მოვიარე მაღაზიები, ვიღებდი სურათებს… იმდენად მრავალფეროვანია ბროლის გარდატეხა – ორ ერთნაირ კადრს ვერ დაიჭერ.
სვაროვსკის ხატვის ტექნიკა მიღწეული იყო… უკვე საკუთარი კომპოზიციები უნდა ამეგო… კიდევ ვიმეორებ, ძალიან რთულია… მაგრამ მე ეს შევძელი და ვაგრძელებ ამ სტილში მუშაობას…გადავქექე მთელი გუგლი და მხატვარი, რომელიც ამ სტილში ხატავს, ვერ ვიპოვე… ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული იყო …
ჩემთვის ნახატი ემოცია და მახსოვრობაა… ყველა ნახატს აქვს თავისი ისტორია…
ვფიქრობ, პანდემიამ უამრავი ხელოვანი გამოიყვანა ინტერნეტსივრცეში… და პლატფორმა, რომელიც ვახსენე, „არტ აუქციონი“ (დღესაც წარმატებულად მიდის). ძალიან ბევრ მხატვარს დაეხმარა რეალიზებაში…
ერთ დღეს – სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოვჩნდი. ეს იყო მხატვართა ჯგუფი – რომელიც შემდეგ ,,არტ მეგობრების“ სახით ჩამოყალიბდა…
– საინტერესო ამბავი…
– თავიდან ვხატავდი აკრილით. ზეთის ტექნიკას რომ დავუფლებოდი, 1 თვე კურსი გავიარე არაჩვეულებრივ მხატვართან – მანანა გოგოჭურთან.. თურმე როცა ზეთის საღებავს მყარია, ზეთის დამატება უნდოდა. მე ეს არ ვიცოდი.
როცა პირველად ვიყიდე, მყარი იყო ტუბები და ვერ დავხატე – ვერ გადავანაწილე საღებავი და ვიფიქრე, ალბათ გამოშრა, ცუდი მომყიდეს-მეთქი და გადავყარე. ეს ამბავი ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ.
– საერთაშორისო პრიზები მიიღეთ, მათ შორის იტალიაში ლეონარდო და ვინჩის პრიზი. ყველაზე ძვირფასი რომელი ჯილდოა თქვენთვის?
– გამოფენები… საქართველო, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ინდოეთი, დუბაი, ამერიკა… 50-მდე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. პრიზებიც მოვიპოვე – იტალიის საერთაშორისო პრიზი – ლეონარდო და ვინჩი, ინდოეთის საერთაშორისო პრიზი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო ქართველი გულშემატკივრების სიყვარულია…
– Phikria’s ART – გვერდზე ქვეყნდება თქვენი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები…
– ყოველთვის ვცდილობ ჩემი შემოქმედების პირველი შემფასებელი ქართველი იყოს… მახსოვს ერთი ამბავი… ერთმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა (ჩემი რამდენიმე ათეული ნამუშევარი აქვს) მიამბო… ადრე (90-იან წლებს გულისხმობდა) „ჩუბჩიკას“ ნახატებს, ხალხს პური რომ ეყიდა, 30 -50 ლარად ყიდნენო… არ ვიცი, მაგრამ – თითქოს პურის ფული შემაქვს მეც ყველა ჩემი გულშემატკივრის ოჯახში (ის დრო ღმერთმა არ დააბრუნოს საქართველოში!).
– ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებით…
– ამჟამად ვიმყოფები ამერიკაში… აქაც ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას, რამდენიმე გამოფენაში ვმონაწილეობდი: ნიუ-ჯერსიში, ფილადელფიაში, ნიუ-იორკში… და ვემზადები ერთი მასშტაბური პროექტისთვის.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 16 წლის ვაჟიშვილი.
– სამომავლო გეგმები….
– სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მასშტაბებია. მაგრამ მანამდე ბევრი შრომა და მუშაობა.
– ლექსებიდან რომელს გაგვაცნობდით?
– ამ ლექსს, შემოდგომური განცდით…
შემოცვეთია – ფიქრს ოცნებები, და ახლა სულში სულ ზამთარია…
აღმართს რომ ჩანდა გზად აყოლილი, დაღმართს დაუყვა,
ეს ის მგზავრია…
ცაზე დათვლილი თეთრი ღილები, დაწყვეტილა და
წვიმამ დალია…
აისიდან და დაისობამდე, გზაარეული
დარდი მთვრალია…
დროს რომ გამოჰყვა ეს ნოემბერი, ხეებს გაუწვა
ფოთოლთ არია…
ფუნჯს გაყოლილა ცივი ფერები, და ეს ნახატი
სულ გადარია…
მზე მზისფერო და მზე გულისფერო, გამოადარე –
წმინდა მარიამ…
აღმართს რომ ჩანდა გზად აყოლილი, დაღმართს დაეშვა,
ეს ის მგზავრია…
თამარ შაიშმელაშვილი