საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
მისი თქმით, აქციის მონაწილემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პოლიციელებს შეაგინეს და ამიტომ დავაკავეთ. ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე. მტკიცებულებას წარვადგენთ სასამართლოში“, – განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, თბილისში, ამ წუთებში სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
ამასთან, აქციის პარალელურად სასტუმროში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.