„უახლოეს დღეებში წიკლაურისა და სხვა დეპუტატების სპექტაკლები გამეორდება“
არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ გათვლილი ინციდენტების განხორციელებას გეგმავს. მჟავანაძის მტკიცებით, გამეორდება აღნიშნული პარტიის წევრებზე თავდასხმის ფაქტები, რომელთა ორგანიზებასაც თავად “ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველყოფს. “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნულ მეთოდს ყოფილი მმართველი ძალა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების გასაღვივებლად მიმართავს.
მჟავანაძე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასაც არ გამორიცხავს.
“ჩემი ინფორმაციით, იგეგმება წინასწარ გათვლილი ინციდენტები, ანუ გამეორდება წიკლაურისა და სხვა დეპუტატების სპექტაკლები, ვითომდა, ისინი გაილახნენ და ვითომ მათ 10 კაცი ურტყამდა.რახან ხედავენ, რომ არაა ხელჩასაჭიდი ფაქტები, ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების ტალღა რომ ააგორონ, არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნურად მოახდინონ საკუთარ თავზე თავდასხმა.ასევე, არაა გამორიცხული, რომ მოხდეს ინსცენირებული თავდახმა მედიის წარმომადგენლებზე, რომ ამით კიდევ ის სურათიი შექმნან, რომ ვითომ ხელისუფლება გადავიდა მედიის მიმართ ანგარიშსწორებაზე, რადგანაც ის ძალა, რომელიც დღეს სიტუაციას მართავს ამერიკიდან და ციხის გისოსებიდან, ყველაფერზეა წამსვლელი“,-აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
წყარო: გაზეთი “ქრონიკა“