ზელენსკის მტკიცებით, რუსეთი შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლას გეგმავს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ რუსეთს არა მხოლოდ სამიტის ჩაშლა სურს, არამედ კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ შეამციროს ქვეყნების სამიტზე ჩართულობა, რათა მშვიდობა კიდევ უფრო დიდხანს არ დამყარდეს.

„დღეს მივმართე პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკრაინაში, ასევე ჩვენს დიპლომატებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არა მხოლოდ სურს ჩაშალოს გლობალური სამშვიდობო სამიტი, არამედ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გააკეთოს ეს, მათ შორის, როგორ შეამციროს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და როგორ იმოქმედოს სამშვიდობო ძალისხმევის შესაჩერებლად უფრო გრძელვადიან პერიოდში.

ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამასთან დასაპირისპირებლად, ერთიანად, რათა მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას. ჩვენ ყველანი ერთნაირად დაინტერესებულნი ვართ, რომ რუსეთს მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა ვაიძულოთ. ამის უზრუნველყოფა მსოფლიო უმრავლესობას შეუძლია. შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი გვაძლევს რეალურ შესაძლებლობას მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას და აღვადგინოთ საერთაშორისო სამართლის სრული ძალა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა მსოფლიოს ძალაუფლება უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებაზე იყოს ფოკუსირებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, შვეიცარიაში ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი 15 და 16 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები