საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.

„ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო“, – წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში სთორს აქვეყნებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – წერს ჩაკვეტაძე Instagram-სთორიში.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გიორგი ქოჩორაშვილიც. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი წერს, რომ ქვეყანაზე მნიშვნელოვანი არაფერია და საქართველოს მომავალი ევროპაშია.

„თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!“, – წერს ქოჩორაშვილი.

მოქალაქეების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში მიმართავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილიც.

„რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა. საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ საქართველო ზღაპრის ბოლო კეთილია“, – წერს ფეხბურთელი.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაიაც.

„ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს“, –  წერს გიორგი ქვილითაია.

საქართველოს ნაკრების მოქმედი ფეხბურთელების პროტესტს შეუერთდა ყოფილი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილიც.

„ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში“, – წერს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ, 1-ელ მაისს მეორე მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები