გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციის რიგებში არაერთი პირია პუტჩის აქტიური მხარდამჭერი და ვარდების რევოლუციის მონაწილე – ხელისუფლების ამოცანა საპირისპიროა

ოპოზიციის რიგებში არაერთი პირია პუტჩის აქტიური მხარდამჭერი და ვარდების რევოლუციის მონაწილე. ხელისუფლების ამოცანა კი საპირისპიროა, არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მივიდეს და რისი რესურსიც მას ნამდვილად აქვს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციის ვანდალიზმში გადასული ქმედებები საზოგადოებამ 2020 წელსაც იხილა, როდესაც წინა რიგებში ახალგაზრდები ჰყავდათ დაყენებული.

“ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვებიც ქვეყნის გარეთ თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული დესტაბილიზაციით და რადიკალური ესკალაციური სცენარების განვითარებით.

ამ კითხვებზე პასუხი არ არის მარტივი, თუმცა ბოლო 32 წლის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან გარკვეული დაშვებების გაკეთება შეიძლება.

საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ორჯერ მოხდა: 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღის გზით დაამხეს და 2003 წელს, როდესაც შევარდნაძე ჩამოაშორეს ხელისუფლებას ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად.

ნიშანდობლივია, რომ ორივე შემთხვევაში ორი გარე აქტიორი მონაწილეობდა და არა მხოლოდ რუსეთი.

ეს სცენარი 1991 წელს გათამაშდა აშშ-რუსეთის ტანდემით, როცა გამსახურდია დაამხეს რუსული საჯარისო ნაწილებით და აქაური რენეგატებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ლოცვა-კურთხევით, აქ მამა ბუშის ცნობილ განცხადებას  ვგულისხმობ ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ სვლაზე, რაც აქაური ოპოზიციისათვის მხარდამჭერ სიგნალადაც იქცა. შეგახსენებთ, მაშინ ზვიად გამსახურდია არ დათანხმდა საქართველოს დესუვერენიზაციას დსთ-ში შეყვანაზე, რაც ფაქტიურად რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენას ნიშნავდა, ბალტიის ქვეყნებისაგან განსხვავებით.

2003 წელს ხელისუფლების ცვლილება უკვე შეცვლილი კონფიგურაციით გათამაშდა, ვარდების რევოლუციას წინ უძღოდა აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი, და აშშ-ის ღიად გამოხატული მხარდაჭერა ე.წ. რეფორმატორთა გუნდისადმი.

ხელისუფლების გადაბარება კი რუსეთმა შეასრულა ივანოვის აქ ჩამოსვლით, ანუ როლები შეიცვალა. აშშ-ის პოლიტიკური ინტერესი იყო ფერადი რევოლუციების ექსპორტის ხელშეწყობა,სადაც საქართველო საწყისი საექსპერიმენტო პოლიგონი იყო, რუსეთის ინტერესი გასაგებია, ჩვენ კვლავ რუსული გავლენების სფეროში დაგვტოვეს. რევოლუცია კი განხორციელდა იმიტომაც, რომ შევარდნაძეს აღარც ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდა და რესურსებიც ამოწურული ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ერთადერთი გარანტიად ხელშეუხებლობა მიიღო.

დღეს თუ ვინმეა დაინტერესებული აქ სიტუაციის არევით, ვფიქრობ, ისევ ეს ორი აქტიორია. საქართველოს შუა დერეფნის მზარდი პერსპექტივა, რაც დიდწილად კოვიდ პანდემიური შოკის გარდა, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ და დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა განაპირობა ციმბირული დერეფნის ჩაკეტვის გამო, რასაც დაემატა ანაკლიის პროექტის ამუშავების პერსპექტივა, რომელიც არც რუსეთს აწყობს და არც აშშ-ს. რუსეთი გასაგებია, მაგრამ რატომ არ უნდა აწყობდეს ვაშინგტონს? ჩინეთის ევროპული სავაჭრო ღერძის გამო, რაც გააძლიერებს რა ჩინეთის ეკონომიკას, ასევე მის პოზიციებს რეგიონში. ამიტომაც ვაშინგტონი არასდროს არ ყოფილა ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი, პორტის ჩინური საქონლით დატვირთვის ალტერნატივის არქონის გამო.

გავიხსენოთ თუ როგორი დაუფარავი გაღიზიანებით შეხვდა ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას ჩინეთთან.

ერთი შეხედვით ისე მოჩანს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ეს გამოწვევა, დაასწრო პროცესებს და არჩევნებამდე მოახდინა მისი ხელოვნური პროვოცირება უცხოური ძალის გავლენის შესახებ კანონის ხელახალი შემოტანით პარლამენტში, ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ კითხვა მაინც რჩება პასუხგაუცემელი, ვის ან რის იმედზე წავიდა ასეთ რისკიან სვლაზე? მაშინ, როდესაც გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა ისტორიულ მაქსიმუმზე ასული ბიუჯეტით, პრაქტიკულად ყველა წინასწარი გამოკითხვითაც თითქმის ორჯერ უსწრებდა რეიტინგით ოპოზიციას ერთად აღებულს?!

ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ მოსკოვი ვაშინგტონს ნაკლებად ენდობა, განსაკუთრებით უკრაინისათვის ახალი დახმარების მრავალმილიარდიანი პაკეტის გამოყოფის შემდეგ, თუ რუსეთს რამე შეაჩერებს სწორედ ჩინეთი იქნება. კიდევ ერთი აქტიორი თურქეთია, თუმცა რადგან საქართველო როგორც შუა დერეფანი თურქეთზეა მიბმული, თურქეთი საეჭვოა ამ გარიგებაში შევიდეს და ეს პასეანსიც ანუ “ოცნების” მხრიდან დროში დასწრება რუსულადაც კარგად იშიფრება – Давай жми на всю катушку.

ოპოზიციის და მათი პატრონების არსენალში კი პროცესების ესკალაცია რჩება, რაც გათვლილია ერთის მხრივ ხელისუფლების შიგნით ჩამოშლაზე და მეორეს მხრივ, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაზე, რათა “ოცნება” არჩევნებზე რაც შეიძლება დაზიანებული ბრენდით მივიდეს. ოპოზიციის რიგებში არაერთი პირია პუტჩის აქტიური მხარდამჭერი და ვარდების რევოლუციის მონაწილე. ხელისუფლების ამოცანა კი საპირისპიროა, არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მივიდეს და რისი რესურსიც მას ნამდვილად აქვს.

ამასთან, როდესაც “ოცნების” ხალხმრავალი მიტინგი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნასაც შევადარე, მოსალოდნელიც იყო, რომ ოპოზიცია კონტრსვლას გააკეთებდა მათთვის დამახასიათებელ სტილში, ამ ტიპის ესკლაცია გადასული ვანდალიზმში 2020 წელსაც ხომ ვიხილეთ! ახალგაზრდები მაშინაც წინა რიგებში ჰყავდათ წამოწეული, ერთადერთი სპორტსმენები ჩართეს თავიანთი გახუნებული და ავტორიტეტ დაკარგული ფეისების ჩასანაცვლებად”, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები