„რეინკარნირებული“ ტყავი

       ის პროფესიით ექიმია, თუმცა ადამიანებს მხოლოდ სულიერად, ხელოვნებით მკურნალობს.
სამუშაო მასალად ყველაზე უძველესი – ტყავი აირჩია და აამეტყველა… წერს ლექსებს და მუსიკას, თუმცა ნოტები არ იცის… ნანუკა ჩხეიძეს უამრავი გეგმა აქვს, იმდენი, შესრულებას ერთი ცხოვრება რომ არ ეყოფა… ამიტომ ჩქარობს და სურს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს… სხვა თუ არაფერი, უნდა კვალი დატოვოს… და რომ ეს კვალი, ლამაზი და მოხდენილი იყოს…

– როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ყველაფერი ზეცაში წყდება… და ბავშვობიდანვე ვლინდება, რა ნიჭიც ეძლევა ადამიანს … ვხატავი, ვძერწავდი, სახლებს ვაშენებდი ქვებისგან, წინ ბალახებით და ყვავილებით ლამაზ ბაღს გავუკეთებდით… უფრო არქიტექტორობა მინდოდა… მოგვიანებით, დიზაინერობა გადავწყვიტე, ვემზადებოდი კიდეც სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად, მაგრამ… ნუ, როგორც ხდებოდა ხოლმე (ეს ტენდენცია ჯერაც არ გამქრალა) საქართველოში, გავაგრძელე ოჯახური ტრადიცია და აღმოვჩნდი სამედიცინო ინსტიტუტში…
თუმცა, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პარალელურად მეკეთებინა ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. თუმცა მედიცინას და ხელოვნებას შორის არჩევანის გაკეთება წლების შემდეგ მაინც მომიწია… დღეს, უკვე მთლიანად ვეკუთვნი საქმეს, რომელიც ცხოვრების აზრია ჩემთვის, რომლის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია…
– რა ჰქვია იმას, რასაც საქმიანობთ – დიზაინი, დეკორატიული ხელოვნება თუ სხვა რამ კიდევ?
– როგორ გითხრათ, ეს არის მიქსი – აქ არის დიზაინიც. დეკორატიული ხელოვნებაც, საეკლესიო მიმართულებაც … და ვფიქრობ, ეს კიდევ არ არის ის, რაც შემიძლია, ცუდად არ გამიგოთ… უამრავი იდეა ტრიალებს თ10585186_10202979092024503_1346817525_nავში, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. მოკლედ ეს ჩემი შემოქმედებაა, რაც ჩემშია და გარეთ გამომაქვს ამ ფორმით… ყოველ ნივთში ჩემი სული და დიდი სიყვარულია ჩადებული…
– თქვენი მთავარი სამუშაო მასალა ტყავია… რატომ აირჩიეთ? და კიდევ რა მასალებს იყენებთ ნაკეთობებში?
– ჩემის აზრით, რაც ბუნებაში არსებობს, იმაზე უკეთეს მასალას ადამიანი ხელოვნურად ვერ შექმნის… პირველი, რისი დამუშავებაც ადამიანმა დაიწყო, იყო ტყავი… ეს არის უძველესი მასალა, რომელიც ყოველთვის თანამედროვედ რჩება და რომლისგანაც საოცრებების შექმნა შეიძლება… თბილი და დამყოლია, საოცარი რამაა… როცა მუშაობ, მისგან ქმნი ზუსტად იმას, რასაც წინასწარ ხედავ … ვიყენებ ლითონს, ხეს, ბუნებრივ თუ ხელოვნურ ქვებს, დიდი ხანია ჩაფიქრებული მქონდა და ახლა ბამბუკიც დაემატა ამ სიას… სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები – ნაჭერი, თიხა, ჭილი, ბევრი სხვა რამ მიცდია ტყავთან კომბინაციაში და კიდევ ბევრს ვაპირებ, ვნახოთ, რა გამოვა …
ორი სიტყვით, მუშაობის პროცესზე მოგვიყევი, ყოველთვის ესკიზს მიყვები თუ იმპროვიზაციასაც აქვს ხოლმე ადგილი?
– ადრე, სანამ ამ ტექნიკას დავხვეწდი, ტყავზე და ხავერდზე ვხატავდი ჩემი შექმნილი საღებავით, და სულ მქონდა ოცნება, დიდი პანოები დამეხატა… ბოლოს მივედი იმ კონდიციამდე, რომ ტყავი იდეალურია. რათა მასზე დახატო ყველაფერი, რაც გინდა… ესკიზებს თითქმის არ ვიყებენ, ეს მხოლოდ დამკვეთისთვის შეიძლება გავაკეთო, როცა რაიმე შეკვეთას ვიღებ… გარკვეული მონახაზი გონებაში ყოველთვის მაქვს, მაგრამ მუშაობის პროცესში შეიძლება იმდენად შეხვიდე აზარტში, რომ ჩაფიქრებულისგან სრულიად განსხვავებული რამ გამოვიდეს. გააჩნია რას აკეთებ, დრო შეუზღუდავია… შეიძლება ესკიზის სახით დაჭრა და გაამზადო ტყავი, აპლიკაციაც გააკეთო და მერე რამდენიმე კვირა, ან თვე არ მიეკარო, რადგან ის არ არის, რაც გინდა… მერე უცებ, მუზა გესტუმრება და იწყებ მუშაობას, სანამ ნამუშევარს იმ კონდიციამდე არ მიიყვან, რომ მოგეწონოს (იცინის).
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ყველა ნამუშევარი მოგწონთ?
– ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები (იცინის). არის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებისას მომწონს, მაგრამ გადის დრო და რომ შევხედავ, ვფიქრობ, „აი ეს უკეთესად შეიძლებოდა გამეკეთებინა…“ ბევრი არა, მაგრამ არის ნამუშევრები, რომლებსაც ვუბრუნდები და ვცვლი, ახალ სულს შთავბერავ… ვაცოცხლებ (იცინის).
– რამდენად მოთხოვნადია თქვენი ნაკეთობები საქართველოში, თვლით თუ არა, რომ შრომა სათანადოდ გიფასდებათ?
– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ ამ კუთხით… საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილი მომხარებელი მყავს… თავმდაბლობას თუ გვერდზე გადავდებ დროებით (იცინის), ვიტყვი, რომ მოწონება და აღიარება არ აკლია ნამუშევრებს. ამის გამო მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ატარებს ჩემს ნაკეთობებს, ან აფასებს და მოსწონს.
– შეკვეთების დროს რამდენად ითვალისწინებთ დამკვეთის სურვილს?
– მართალი გითხათ, შეკვეთებზე იშვიათად ვმუშაობ, ვისაც ჩემი ნაკეთობის შეძენის სურვილი აქვს, სასურველს უკვე მზა ნამუშევრებიდან ირჩევს… თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა თავის სურვილს და გემოვნებას მიზიარებენ, ამის შემდეგ ვაკეთებ ესკიზს და მოწონების შემთხვევაში იქმნება ესა თუ ის ნივთი… ძირითადად, ენდობიან ჩემს გემოვნებას, ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ რაიმე შეეცვალოთ.
– გიჭირთ ნამუშევრებთან განშორება?10621858_10202979092264509_946142695_n
– როგორ გითხრათ, არის ნამუშევრები, რომელსაც ვერასოდეს შეველევი. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სოლიდური თანხა შემოუთავზებიათ, მაგრამ არა… ვერ შეველიე (იცინის). ზოგი ნივთი რომ არ დავინახო, ხელით არ შევეხო და არ მოვეფერო, არ შემიძლია… ისინი ჩემი ,,შვილები“ არიან (იცინის).
მაგრამ აი გაჩუქება, ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს, როცა ადამიანს ვახარებ და მის გაბრწყინებულ სახეს ვხედავ… ეს დიდი ბედნიერებაა, რომ შემეძლოს, ყველას ვაჩუქებდი ალბათ… თუმცა ვისაც კი შეუძენია, ბევრი დამემოწმება, რომ საჩუქარიც მიუღია ჩემგან (იცინის). რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს ჩემი შექმნილი ნივთი, უფრო მეტად მახარებს.
– ხელოვნების ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, რომლის გარეშეც მუშაობა ძალიან ძნელია. ზოგი ამბობს, რომ ამ განწყობას თვითონ იქმნის, სხვებს მუშაობის პროცესში, გზაში ეწევიან მუზები… თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?
– სხვადასხვაგვარად… არის პერიოდი, როცა მუზა გსტუმრობს, რაც მართლა ბედნიერებაა შემოქმედისთვის – გადაბმულად მუშაობ, არც დრო გახსოვს, არც ჭამა, ბოლომდე ჩაფლული ხარ საქმეში… მერე უცებ პაუზა… პრინციპში აუცილებელი, რადგან გონებასაც და ხელებსაც დასვენება სჭირდება, ეს კი ჩვენზე უკეთ იცის ორგანიზმმა და ამიტომ გვასვენებს (იცინის).
განწყობის ხელოვნურად შექმნა ნამდვილად არ შემიძლია, ეს თავისთავად მოდის… შეიძლება შუაღამეს მომინდეს მუშაობა, როცა უკვე ნახევრად მძინავს… და ერთი სული მაქვს, როდის გათენდება და ჩავუჯდები ჩემს საყვარელ საქმეს…
– ხართ თუ არა ძიების პროცესში, თუ თვლით, რომ უკვე იპოვეთ სტილი და მიმართულება, რომლის შეცვლასაც არ აპირებთ?
– მე ვიპოვე ის, რასაც ვერასოდეს დავთმობ – ეს არის მასალა, რომელსაც აქვს ამოუწურავი პოტენციალი… ტყავისგან ვამზადებ უამრავ ნივთს ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს, ჩანთებს, ქამრებს… ასევე სახლის დეკორის ელემენტებს, ზარდახშებს, ლარნაკებს, ლუდის ჭიქებს, სუვენირებს… მინდა ავეჯიც დავამზადო, უკვე დავაანონსე, რომ ოდესმე ტყავის ოთახს გავაკეთებ, სადაც ყველაფერი ტყავის იქნება (იცინის).
– ორი სიტყვით, სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით…
– ოო, გეგმები იმდენი მაქვს, სათქმელად ორი სიტყვა, განსახორციელებლად კი, ალბათ ერთი ცხოვრება არ მეყოფა (იცინის). პირველ რიგში, ვაპირებ სახელოსნო- სალონის გაკეთებას, სადაც არა მარტო ჩემი ნამუშევრების ნახვა და შეძენა იქნება შესაძლებელი, ეს იქნება ხელოვნების და ჰარმონიის მოყვარული ადამიანების თავშესაფარი… ასევე ვაპირებ და დიდი ხანია ჩაფიქრებული მაქვს, ჩემი მოკრძალებული ლექსების კრებულის გამოცემა. კიდევ – გამოფენების გამართვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან ჩემი ნამუშევრების უმეტესობა საზღვარგარეთ არის გაყიდული… რა ვიცი, კიდევ ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული და ვნახოთ…
– და ბოლოს, თქვენი ოცნება – შემოქმედებითი და არამარტო?
– შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მინდა ჩემს ირგვლივ ბედნიერ ადამიანებს ვხედავდე… საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება, ვისურვებდი, ყველა იყოს წარმატებული, მათ შორის მეც… მინდა მსოფლიომ გაიცნოს ქართული ბრენდი NANUKA ART (იცინის), მინდა, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიძინოს სასურველი სამკაული თუ ხელნაკეთი ნივთი… ყველაზე მეტად კი მსურს, რომ მეტი სიკეთე და სიყვარული იყოს საქართველოში და მთელს მსოფლიოში…

გიორგი მიქაძე

10668266_10202979092304510_618287287_n

10685226_10202979092144506_862091213_n

10694838_10202979092464514_1901880996_n

10705311_10202979091864499_1695200283_n

10705346_10202979092584517_956221770_n

10705369_10202979092424513_565749808_n

10706483_10202979092064504_2041552845_n

10708120_10202979091984502_1557541861_n

10711155_10202979092224508_2106716544_n

10711214_10202979092624518_2031121176_n

10711296_10202979092344511_801337867_n

10714613_10202979092744521_982397418_n

10714652_10202979091904500_1714236330_n

10714756_10202979092704520_1489407299_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები