გიორგი ჩაჩანიძის პერსონალური სამყარო
ის ფიქრობს, რომ ყველაფრის ესთეტიზება შეიძლება… ამიტომ ხატავს ყველაფერს, პირველ რიგში იმ სამყაროს და მოვლენებს, რომელიც მის ირგვლივაა… თუმცა მის შემოქმედებით პრიზმაში არეკლილი და ფერებად დაღვრილი სამყარო მხოლოდ მისია, პერსონალური… გიორგი ჩაჩანიძე მუშაობის დასაწყებად მუზების სტუმრობას არასდროს ელოდება, ისინი მას გზაში ეწევიან…
– რა ასაკში დაიწყე ხატვა?
– ხატვა, როგორც მიყვებოდნენ, დაახლოებით სამი წლიდან დავიწყე, მე რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ.
– როდის გადაწყვიტე, რომ მხატვარი გახდებოდი?
– რაღაცნაირად, ბუნებრივად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. სკოლის ბოლო, დამამთავრებელ კლასში უკვე სერიოზულად დავიწყე მზადება აკადემიაში ჩასაბარებლად, ინტესიურად ვმუშაობდი (როგორც ახლა) გრაფიკაში, ფერწერაში, კომპოზიციაში…
– რა ტექნიკით და რა მასალაში მუშაობ? და რა ჰქვია მიმართულებას, რომელიც აირჩიე?
– თანაბარი ინტესივობით ვმუშაობ ყველა მასალაში: ზეთის და წყლის საღებავებში, გრაფიკაში (ფანქარი, ტუში, სანგინა, პასტელი და ა.შ.)
მიმართულებას რაც შეეხება, ერთგვარ რომანტიკულ სტილს დავარქმევდი… თუმცა შემოქმედის რაიმე სტილში ან მიმართულებაში მოქცევა დელიკატური საკითხია… თუ მაინც საჭირო გახდება, ალბათ დრო და ხელოვნებადმცოდნეები მოუძებნიან სახელს (იცინის).
ილუსტრირებული მაქვს უამრავი წიგნი და ჟურნალი, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილების: „დილა“, „ომეგა“, „ჩვენი მწერლობა“ და ბევრი სხვა.
– ყველაზე ხშირად, რა არის შენთვის შთაგონების წყარო?
– მინდა გითხრა, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ინპსირირების წყარო არ მაქვს… ორი სიტყვით ასე ვიტყვი, შთაგონების წყაროა ესთეტიკური განცდა და ტრანსფორმირება ყველაფრის, რაც ირგვლივაა (ვგულისხმობ არა მარტო ფორმას, არამედ მოვლენებსაც) და მისი მხატვრული ფორმით და მასალის შერჩევით მოწოდებას.
– ყველაზე მეტად რომელი დიდი მხატვარი არის შენთან, რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენზე?
– ერთს ან ორს ვერ გამოვყოფ, ყველა დიდი შემოქმედი ახდენს გარკვეულწილად გავლენას, ყველასგან რაღაცას სწავლობ… თუმცა ზოგი უფრო ახლოსაა შენთან, ზოგი ნაკლებად… მაგალითად, მოდილიანი, რაფაელი, ტიციანი, ლოტრეკი, დეგა და გოგენი, რაღაცნაირად უფრო ჩემები არიან…
– მუშაობის პროცესზეც გვითხარი ორი სიტყვა, განწყობას და მუზებს როგორ მართავ?
– “მუზის მართვა” მაგარია (იცინის)! რადგან სისტემატურად მუშაობის ფაზაში ვარ (თან პედაგოგიც ვარ სამხატვრო აკადემიაში) ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მუზებთან “პაემნის” დრო არ მაქვს დანიშნული, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ (იცინის).
– მხატვრობის დანიშნულების არსი ზოგადად და პირადად შენი ამოცანა, რა გინდა უთხრა მნახველს?
– მხატვარი ერთგვარი რეტრანსლიატორია, გნებავთ, მისიონერი დროსა და მოვლენებს შორის. სასურველია, რომ მან შეძლოს სწორი აქცენტების და მინიშნებების “დასმა” ნამუშევრებში, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, ერთგვარი წინმსწრები და ესთეტიკური სახვითი ენის გამოყენებით მისეული შეფასება იყოს მოვლენისა, ან რაიმე თემის. რა თქმა უნდა, ეს მაინც სუბიექტურ პრიზმაში უნდა განვიხილოთ… შეიძლება თანამედროვე მხატვრობას ერთგვარი ინტელექტუალური დატვირთვაც მივაკუთვნოთ და ეს ყველაფერი ესთეტიკურადაც თუ გამართული იქნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ნამუშევარი შედგა და იგი შეიძლება მნახველამდე მივიტანოთ…
– ნამუშევრებისთვის თემებს როგორ, რა პრინციპით არჩევ?
– თემის შერჩევაში შეზუდული არ ვარ. კომპოზიციებიც ბევრი მაქვს – ჟანრულიც, აბსტრაქტულიც, რელიგიურიც, პორტრეტებიც და ა.შ. მთავარია, იმ დროს, როცა სუფთა ტილოს წინ დგახარ, რა არის შენთვის აქტუალური, რისი თქმა გინდა მნახველისთვის…
– შეკვეთებს თუ იღებთ? და რამდენად გიჭირთ ნამუშევრებთან განშორება?
– ჩემთვის ხელოვნება სიხარულთან ასოცირდება… ასევე მსიამოვნებს და მიხარია მნახველიც, თუ ამაღლებული განწყობით და ნასიამოვნები დატოვებს გამოფენას… ნამუშევარს უნდა შეელიოს მხატვარი (ორმაგად სასიხარულოა, თუ ხელოვნების დამფასებელ მფლობელთან მოხვდება). ნამუშევარი ერთგვარი მისიონერი უნდა იყოს მნახველისთვის ან მფლობელისთვის, როგორც ავტორის ხელწერის, განწყობის და დადებითი ემოციის გამცემი…
შეკვეთების სიმრავლეს ნებისმიერი მხატვარი ისურვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მჭიდროდაა დაკავშირებული, ზოგადად, ქვეყნის და მისი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
– ორი სიტყვა პედაგოგიურ საქმიანობაზე, რას ასწავლით პირველ რიგში სტუდენტებს?
– უკვე 22 წელია, რაც ვასწავლი. ადამიანური, თბილი დამოკიდებულება არცთუ ისე მეორეხარისხოვანია!.. რაც შეეხება პროფესიული უნარ – ჩვევების გამომუშავებას, ვცდილობ, რომ მასალის და კომპოზიციის დაუფლებასთან ერთად, დამოუკიდებელ, ლოგიკურ აზროვნებასაც მიეჩვიონ, რადგან მომავალში არ იყვნენ რაღაც მოდელზე აბსოლუტურად დამოკიდებულნი და შეძლონ ადაპტირება ჩვენს სწრაფად ცვალებად რეალობაში…
– ოჯახზე მოგვიყევი, ორი სიტყვით…
– ერთ- ერთი ძვირფასი, რაც გამაჩნია ( უფრო სწორად, გამაჩნდა, მშობლები აღარ მყავს), ჩემი ოჯახი იყო: დედა – ცისანა ქოჩიაშვილი- შესანიშნავი ფილოლოგი (უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული, რაც, მართლაც, დასაფასებელი იყო იმ დროს..) , მამა – მურთაზ ჩაჩანიძე- უნიჭიერესი და ცნობილი არქიტექტორი ( საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი)… ის, თუ რა სითბოს, სიყვარულის მატარებლები იყვნენ, ამაზე არ შევჩერდები, ვიტყვი მხოლოდ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც პოზიტიური იყო ბავშვობაში, სწორედ მათ უკავშირდებათ, ისევე როგორც ჩემი პროფესიული არჩევანი… მყავს ქალიშვილი – ანი, რომელიც სიხარულის და სიყვარულის მთავარი წყაროა ჩემთვის..
– ოცნებას გაგვიმხელ? თუნდაც არა შემოქმედებითს?
– დიდი სურვილი მაქვს, რომ ნებისმიერ არტისტს შესაბამისი და ღირსეული უკუგება ჰქონდეს როგორც საზოგადოებისგან, ასევე სახელმწიფოსგანაც. ვისურვებდი, შემოქმედი და მისი შემოქმედება დამსახურებულად დაფასდეს ჩვენს ქვეყანაში…
გიორგი მიქაძე