მამუკა არეშიძე: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად

“რუსეთი ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად”, – ამის შესახებ კავკასიის სპეციალისტი და უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა მოსკოვსა და პეტერბურგში.

“პოლიტიკაში “სხვისი ჭირის” პრინციპი მუშაობს. სომხეთი და აზერბაიჯანი იმდენად არიან დაპირისპირებული, რომ საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დასავლელი პარტნიორებისთვისაც. ჩვენ ადრე მხოლოდ აზერბაიჯანთან გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა, დღეს სომხეთთანაც გავაფორმეთ. სხვათა შორის, საქართველოში ადრეც არ ამუშავდებოდა ბევრი მაგისტრალური პროექტი, რეგიონში ყარაბაღის ომი რომ არ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ახლაც იგივე ხდება… შეიძლება ითქვას, დღეს კავკასიაში მჩქეფარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესია, რომელსაც ერთი შეხედვით სარგებელი მოაქვს რეგიონის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის.­ თუმცა არა მგონია­, ეს ხანგრძლივი პროცესი იყოს. მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად გათვალოს, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, რათა დროულად გადაერთოს საერთაშორისო დღის წესრიგზე.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასეთ პერიოდებში მსხვილი მოთამაშეები რეგიონში მანამდე ინარჩუნებენ მშვიდობას, სადამდეც სჭირდებათ. როგორც კი რომელიმე მსხვილ მოთამაშეს ვითარების შეცვლა დასჭირდება, აუცილებლად აამღვრევს წყალს იმ რეგიონში, სადაც არასტაბილური ვითარებაა, და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ერთია სარგებლის მიღება და სწორად გამოყენება და მეორე – მიღებული სარგებლის შენარჩუნება და შერგება…. მძიმე მდგომარეობაა დასავლეთის ყველა წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ არმიებში. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, პოლონეთში. ნატოს წევრი ქვეყნები დაეჩვივნენ ამერიკის ხარჯზე ყოფნას. ამერიკის გაღებულ ფულად სახსრებს კი არა, შეერთებული შტატების სიძლიერის იმედად ცხოვრებას ვგულისხმობ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის მაღალი ხარისხი იმით არის განპირობებული, რომ მათ იციან, ვისთან აქვთ საქმე. დასავლეთის ქვეყნებს კი ან დაავიწყდათ რუსეთის რაობა, ან არ სურთ ახსოვდეთ. გერმანია ახლა კი ცდილობს სწრაფი ტემპით გადააწყოს თავდაცვის ძალები თუ სამხედრო მრეწველობა, მაგრამ მცირე დროში ამის გაკეთება ორმაგ და სამმაგ ხარჯთან არის დაკავშირებული.

ამ ყველაფერს ემატება სოციალური საკითხებიც, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა მოჰყვა. მაგალითად, გერმანიის მოსახლეობა მიჩვეული იყო იაფ ენერგორესურსებს. სწორედ იაფი გაზი იყო გერმანიის ეკონომიკის საფუძველი, დღეს კი ასე აღარ არის. ამიტომაც არის გერმანულ პოლიტიკურ ელიტაში გაუთავებელი ჭიდაობა, ამიტომ ჩნდება დასავლურ მედიაში კრიტიკული წერილები და ამიტომ ითრევს ფეხს დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების ნაწილი უკრაინისთვის დახმარების გაზრდაში. ასეთი ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ახლა უკან დახევა ძალიან მძიმედ მიუბრუნდებათ. პოლიტიკურ ელიტაში ძალიან იგრძნობა “ომით მობეზრება”. კიდევ კარგი, ეს ხალხი გლობალურად ვერ ცვლის პოლიტიკურ ამინდს. დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური პლატფორმის შემქმნელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ამ ომში არ გაიმარჯვოს. როგორც წესი, ისინი პოლიტიკოსები არ არიან, არამედ ფინანსური წრეები, რომლებისთვისაც ძალიან მომგებიანია ომი და მეორე – ის პირები, ვისაც სჭირდებათ უზარმაზარი რესურსების მფლობელი რუსეთის დასუსტება.

რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. უბრალოდ, ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა მოსკოვსა და პეტერბურგში. კრემლი ყველაფერს აკეთებს ანტურაჟის შესანარჩუნებლად, მაგრამ დანარჩენ რუსეთში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და მორალურად უმძიმესი ვითარებაა. სხვადასხვაგვარი განწყობაა, მაგალითად, პეტერბურგსა და ციმბირში. შორეულ აღმოსავლეთში ისეთი ანტიჩინური განწყობაა, რომ მეტი არ შეიძლება. განწყობებს რომ თავი დავანებოთ, ზამთრის დასაწყისია და ახლაც გრძელდება კატასტროფები ენერგომომარაგებაში. ბევრ ქალაქში არა აქვთ გათბობა და ელექტროენერგია, მათ შორის არიან მოსკოვის ოლქის ქალაქებიც. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ უცებ გამოვიდა მწყობრიდან კომუნალური მომსახურების ყველა სამსახური. მთელ რუსეთში უცებ შეიქმნა რთული მდგომარეობა სურსათით მომარაგებაშიც. ხალხმა უცებ იგრძნო, რა მოსდევს ომსა და დუმილს. შეიძლება მითხრათ, რომ რუსი ხალხი მხარს უჭერს პუტინს და მართალიც იქნებით. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და შექმნა დასავლეთისგან მტრის ხატი. რუსებს აქვთ განწყობა, რომ მთელი მსოფლიო მათ უპირისპირდება. დიახ, რუსი ხალხი მხარს უჭერს პუტინს უკრაინასთან ომში, მაგრამ დროდადრო მაინც აპროტესტებენ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

თუ დასავლეთში ორმაგ თამაშებს თავს არ დაანებებენ, რუსეთი კიდევ დიდხანს გაუძლებს. გასაგებია, რომ რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესდა, მაგრამ იმ სანქციებში ძალიან ბევრი შავი ხვრელია, რომლითაც თავად დასავლეთის წარმომადგენლები, ხშირად ხელისუფლებებიც კი სარგებლობენ. ვითომ არ იცის ჰოლანდიის მთავრობამ, როგორ იტვირთება რუსული ნავთობის ტანკერები და სხვა ქვეყნის პროდუქტად საღდება? ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობებმა არ იციან, მათი ქვეყნები რუსეთთან რომ ვაჭრობენ? ისიც ხომ გაირკვა, რომ ირანული უპილოტო დრონები 80%-ით ამერიკული წარმოების ნაწილებისგან არის აწყობილი. არადა, ამერიკას ირანიც დასანქცირებული ჰყავს და რუსეთიც. ამერიკელებმა ორჯერ დაარღვიეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსულ ნავთობში 60 დოლარზე მეტის გადახდა არ შეიძლებოდა – ერთხელ 74 დოლარი გადაიხადეს, მეორედ კი 76. ორივეჯერ უზარმაზარი პარტია იყო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ნავთობის გაყიდვით ომის მერე უფრო მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე ომამდე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში ორი ქარხნის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს იმის გამო, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაციას მარაგნაწილებს აწვდიდნენ. ომის პარალელურად კავკასიაში განსაკუთრებულს არაფერს ველი. პუტინი კავკასიაში მაინც იმას აკეთებს, რაც სურს. თუ ვინმეს ჰგონია, ყარაბაღის საკითხი რუსეთისგან დამოუკიდებლად გადაწყდა, ძალიან ცდება. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მაინც ახერხებს გავლენის შენარჩუნებას – ეს კარგად ჩანს თუნდაც აფხაზეთში. ერთი მხრივ, კრემლი თითქოს საქართველოსთან ურთიერთობაში ცდილობს განსხვავებული ფორმატის შექმნას, მეორე მხრივ კი აფხაზეთის გამალებულ ანექსიას ეწევა. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს და იკითხოს, აქამდე არ იყო აფხაზეთი ანექსირებულიო? საქმე ის არის, ახლა ქართველების კი არა, აფხაზების ანექსიაა დაწყებული. პრაქტიკულად რუსეთი აფხაზებს სხვადასხვა ფორმით ყიდულობს და თან სჯის კიდეც. ახლა კი მიხვდნენ აფხაზები ყველაფერს, მაგრამ რუსეთს უკვე ისე აქვს ეკონომიკური მარყუჟი მოჭერილი, გამოსავალს ვეღარ ხედავენ. ჩვენი პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, ვიდრე რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება. რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს! კატასტროფა მერე იქნება, თუ იქნება. რაც შეეხება თქვენს კითხვას – “კავკასია და საქართველო, ალბათ, ვერც უკრაინაში დამარცხებულ რუსეთს დააღწევს საბოლოოდ თავს”- ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც ომი დასრულდება, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და გაირკვევა, რისი თავი დარჩება რუსეთს. აი, მეც მაშინ შევძლებ პასუხის გაცემას, მანამდე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ის კი ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს კავკასიის შესანარჩუნებლად. რუსები კავკასიას იმპერიის გვირგვინად მიიჩნევენ… არასოდეს დამავიწყდება რუსეთის ფედერაციის დღევანდელი საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონ მატვიენკოს­ 90-იანი წლების ბოლოს­ ერთ შეკრებაზე ნათქვამი, ვორონეჟს დავთმობთ, მაგრამ არა კავკასიასო! საბჭოთა კავშირის 1982 წლის გენშტაბის გეგმაში ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა კავკასიას ენიჭებოდა. ზუსტად იყო გაწერილი, ნატოსთან ომის შემთხვევაში როგორ უნდა აგებულიყო თავდაცვის ზღუდეები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე კავკასიის ქედზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა სიმაღლე დაეკავებინა საქართველოსა და რუსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, კავკასიის ქედის გასწვრივ საქართველოს ტერიტორიის 40-კილომეტრიანი მონაკვეთი მათთვის თავდაცვის ზღუდედ მოიაზრება”,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები