ლაშა ძებისაშვილი: ჩემი აზრით, 2024 კონფლიქტების გაღვივების ცხელი წელი იქნება მსოფლიოში
“ჩემი აზრით (მსოფლიოში), 2024 კონფლიქტების გაღვივების ცხელი წელი იქნება. აქამდე დასავლეთს ეგონა, რომ კრიზისებს თვალის დახუჭვით მოაგვარებდა, პირიქით კი მოხდა და ახლა მათი მოგვარება დასავლეთს გაცილებით ძვირი დაუჯდება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლაშა ძებისაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, არგაღიზიანების პოლიტიკა გარკვეულწილად სწორია – როცა გამძვინვარებული დათვი შენს მეზობლად ყველას ტორავს, იქით არ უნდა ჩაუხტე, რომ შენც დაგტოროს, მაგრამ სანამ ეს დათვი სხვებითაა დაკავებული, მაქსიმალურად უნდა შეეცადო უსაფრთხოების გარანტიები შეიქმნა და თვითონაც შეიძინო შეიარაღება, ხოლო იმ მომენტისთვის, როცა დათვი შენკენ შემოტრიალდება, მას, როგორც მინიმუმ, შენზე წამოსვლის მადა უნდა დაეკარგოს.
“2024 წელი არჩევნების წელიწადია ბევრ ქვეყანაში და არ ვიცით, როგორი ძალები მოვლენ აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, მათ შორის ევროპარლამენტში – მოვლენ თუ არა უფრო ანტიევროპული ძალები, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთში მარი ლეპენია, გერმანიაში ალტერნატიული ძალა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს უნგრეთთან, რუსეთთან… დღეს პრაქტიკულად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეწირება რუსეთის ეკონომიკა და რუსეთს გაუჭირდება იმ შედეგების მიღება, რასაც მოელოდა – ანუ უკრაინის დამორჩილება. ეკონომიკური სტაგნაციის, სამხედრო მრეწველობის შემცირებისა და ომის მიმართ რუსეთის მოსახლეობის სულ უფრო კრიტიკული განწყობის ფონზე, ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება პროგნოზი, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს, ეს ასე მარტივი არ არის.
ერთია, როცა თავს ესხმის ნატოს არაწევრ ქვეყანას, რომელიც არ სარგებლობს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიით, და მეორე, როცა რუსეთი გადაწყვეტილებას იღებს თავს დაესხას ალიანსს, რომლის სამხედრო, ეკონომიკური, ადამიანური და სხვა რესურსი რამდენჯერმე აღემატება რუსეთისას. პუტინი ჯერ დაელოდება, რა პროცესები წავა ევროკავშირში, გაიმარჯვებენ თუ არა ულტრარადიკალი, ანტიევროპული ძალები, რაც ევროკავშირის დაშლას დაუდებს სათავეს. ევროკავშირისა და ნატოს დანაწევრებისა და ერთიანობის მოსპობის პროცესი პირდაპირი ნავთის გადასხმაა რუსეთის ცეცხლზე უკრაინაში. ამ შემთხვევაში რუსეთი ბოლომდე მიაწვება უკრაინას და შეეცდება მთელ ქვეყანაზე კონტროლი დაამყაროს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უკრაინის დამორჩილებით რუსეთი ძალიან დიდ და უმთავრეს ნაბიჯს გადადგამს ყოფილი ე.წ. რუსული იმპერიული სივრცის აღდგენისთვის. უკრაინის შემდგომ მოდის გაცილებით სუსტი ქვეყნები – ყაზახეთი, საქართველო და მოლდოვა. იოლი წარმოსადგენია, რა ბედი ელის ნატოს ყველაზე სუსტ ქვეყნებს ბალტიისპირეთით დაწყებული. ეს განვითარდება იმ პროცესების პარალელურად, რაც შეიძლება დასავლეთში განვითარდეს. მაგალითად, გაიმარჯვებენ თუ არა პროტრამპისტული ან ტრამპისმაგვარი ძალები. ტრამპი არ მალავს თავის დამოკიდებულებას ომისადმი. რეალურად, მას წარმოდგენაც არა აქვს იმ საფრთხეზე, რასაც წარმოადგენს რუსეთი მთელი ევროპული სივრცისთვის. ტრამპი მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებს ევროკავშირს, არაერთხელ უთქვამს, რომ მას განიხილავს როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, დაიმუქრა კიდეც, რომ აშშ-ს ნატოდან გამოიყვანს… არადა, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა დიდწილად დამოკიდებულია სწორედ აშშ-ის ქმედუნარიანობაზე. ის, როგორც წესი, აქტიურად ეხმარება ახალ დემოკრატიებსა და იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირება. მაგრამ თუ ამ ქვეყნების მთავარი დამხმარე მხოლოდ თავისი საქმეებით დაკავდა, იზოლაციონიზმის მესამე ტალღაში გადავარდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც იყო მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, როცა ძლიერი რეგიონული ქვეყნები, როგორიცაა პირობითად, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ., შეეცდებიან საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას სხვა ქვეყნების ხარჯზე… ეს ძალიან ძვირად დაუჯდება აშშ-საც, რადგან სტაბილურობა და დოვლათი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულების განმავლობაში თანამიმდევრულად ააშენა და რაზეც არის დამყარებული მისი კეთილდღეობა, სწორედ გლობალური ალიანსებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის წყალობით მოიპოვა. როგორც კი ამერიკა თვითიზოლირებას მოახდენს, ეს მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც… დასავლეთი ეს ბოლო ორი ათწლეული თვითილუზიაში, თავისივე შექმნილ ვირტუალურ სამყაროში იყო. საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ რუსეთი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი, რაც დასავლეთის სტრატეგიულ და ინტელექტუალურ უუნარობაზე მეტყველებს, ისიც არის, რომ განჭვრიტოს, სად არის რეალური საფრთხე. ამას დაემატა ეკონომიკური თანამშრომლობის მთელი რიგი მექანიზმები, რაც განსაკუთრებით გერმანიას და სხვა მრავალ ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან.
ერთი სიტყვით, შეიქმნა ილუზორული სამყარო, თითქოს რუსეთი მათთვის დიდი საფრთხე არ არის და თუ რამე ექსტრაორდინარული მოხდა, მაგალითად, როგორიც იყო 2008 წელს საქართველოში, შემდგომ კი, 2014 წელს, უკრაინაში სამხედრო აგრესია, ეს დასავლეთმა ერთჯერად გამოხდომებად ჩათვალა, რაზეც, მისი აზრით, მაინცდამაინც დიდი რეაგირება არ იყო საჭირო. ეს დიდი შეცდომა იყო. ეს კი არა, დასავლეთს 2022 წლის აგრესიის დროსაც ძალიან გაუჭირდა სწრაფად გააზრება, რომ უკრაინის სამხედრო დამარცხება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნიდა მასვე და ომიდან მხოლოდ მეექვსე თვეს დაიწყო თანდათანობით უკრაინის დახმარება (ჯერ კიდევ შეზღუდულია დახმარება უკრაინისთვის). ჩვენ გვინდა ისეთი ელიტა, რომელიც დაემსგავსებოდა, მაგალითად, რეიგანის, თუნდაც ჩერჩილის, გერმანიაში კონრად ადენაუერის პერიოდის მმართველობას. ელიტამ კარგად დაინახა საფრთხე და სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩერჩილის მკაფიო მიზანი იყო ჰიტლერის დამარცხება, რეიგანის – სსრკ-ის დამარცხება, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ. დღეს არ არსებობს ევროპაში ის ინტელექტუალურად განვითარებული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც აქვს უნარი, ნება და შესაძლებლობა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ერთი მხრივ, თავისი ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ კი გლობალურად, იმ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად რაც ისევ და ისევ დასავლეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ძალიან მარტივი განტოლებაა – პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპული უსაფრთხოების ნაწილი და თუ ევროპა ფეხზე დაიკიდებს პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოებას, ამ ძალაუფლებისა და უსაფრთხოების ვაკუუმს დაიკავებს რუსეთი. ამით ის უფრო გაძლიერდება და მისი შემდგომი სამიზნე უკვე ევროპული სივრცე იქნება. არ არის გამორიცხული, რუსეთი კიდევ უფრო გააქტიურდეს პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ადამიანურ დიდ რესურსს ჭამს, მაგრამ ის რეგიონში ჯერ მაინც ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და ისეთი მცირე რესურსებისა და პოლიტიკურად არამდგრადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმარისი რესურსი მას ყოველთვის ექნება. “თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის” მნიშვნელოვანი ფორმულაა და, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ცოტა უკუღმართად აქვს გაგებული.
არგაღიზიანების პოლიტიკა გარკვეულწილად სწორია – როცა გამძვინვარებული დათვი შენს მეზობლად ყველას ტორავს, იქით არ უნდა ჩაუხტე, რომ შენც დაგტოროს, მაგრამ სანამ ეს დათვი სხვებითაა დაკავებული, მაქსიმალურად უნდა შეეცადო უსაფრთხოების გარანტიები შეიქმნა და თვითონაც შეიძინო შეიარაღება, ხოლო იმ მომენტისთვის, როცა დათვი შენკენ შემოტრიალდება, მას, როგორც მინიმუმ, შენზე წამოსვლის მადა უნდა დაეკარგოს. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პროვოკაციული განცხადებებით არ გავაღიზიანოთ და ამასობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, უნდა ვმოქმედებდეთ ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა მოვიპოვოთ გარანტიები იმისა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დაგვეხმარებიან… ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები გლობალურ მოთამაშეებში – აშშ-სა და ევროკავშირში. განსაკუთრებით, გლობალური პროცესებიდან აშშ-ის განდგომა ავტომატურად გამოიწვევს ახალი ცხელი კერების გაჩენას. არადა, ამერიკა ამ კონფლიქტების და ახალი კერების გაჩენის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია. როგორც კი შემაკავებელი ფაქტორი ქრება, რეგიონული ძალები და სახელმწიფოები დაუკრეფავში გადადიან და თავიანთი ინტერესების სამხედრო გზით გატარებას იწყებენ.
ცხელი კერები, რა თქმა უნდა, გაჩნდება, უპირველესად ახლო აღმოსავლეთში. ირანი ცხელ ფაზაში შევა, იმიტომ, რომ უკვე არის “ჰამასის”, “ჰესბოლასა” და სხვათა კონფლიქტები. ამ ორგანიზაციებს მჭიდრო კავშირი აქვთ ირანთან. აშკარაა დინამიკა და ამ კერების ჩაქრობა ირანის საკითხის მოგვარების გარეშე შეუძლებელია. ამას ემატება ჩინეთის თემაც – მის ეკონომიკას კარგი დღე არ უჩანს, უფრო და უფრო შედის სტაგნაციაში. იმისათვის, რომ ეკონომიკურ პრობლემებს გაუმკლავდე, საჭიროა თავისუფალი საზოგადოება, კაპიტალიზმის მართვა კომუნისტური წესებით წარმოუდგენელია. ამიტომაც მეპარება ეჭვი, რომ 2024-25 წლებში ჩინეთმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შეძლოს. ჩინეთში ეკონომიკური კრიზისი შესაძლოა პოლიტიკურშიც გადაიზარდოს და ამის თავიდან ასაცილებლად არ გამოვრიცხავ, სამხედრო კონფრონტაციაც ვიხილოთ, კერძოდ, ტაივანთან. ჩემი აზრით, 2024 კონფლიქტების გაღვივების ცხელი წელი იქნება. აქამდე დასავლეთს ეგონა, რომ კრიზისებს თვალის დახუჭვით მოაგვარებდა, პირიქით კი მოხდა და ახლა მათი მოგვარება დასავლეთს გაცილებით ძვირი დაუჯდება”, – განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.