დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი კეკელიძის ქუჩაზე ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც ადვოკატი წერს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად, ახალი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილს ქავთარაძის ქუჩაზე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ სახლს სთავაზობს.
მისი თქმით, ხატიაშვილი და მისი ე.წ. დამცველები საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოსდა ის უსახლკაროდ რჩებოდა და აღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.
„საჭიროდ ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია კეკელიძის ქუჩაზე დღეს ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ქალბატონმა დარეჯან დვალმა ზ.აღნიშნული ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა 2018 წლის 19 თებერვალს. აღსანიშნავია, რომ დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15000 აშშ დოლარი გადმოჰყვა ვალდებულების სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში.
აღნიშნულის შემდგომ ვინაიდან მარინე ხატიაშვილი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს მისი გამოსახლების და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.
მოცემული პერიოდიდან დღევანდელ დღემდე დარეჯან დვალის და ასევე ჩემი, როგორც მისი ადვოკატის მიმართ, გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა მარინე ხატიაშვილის და მისი ე.წ. დამცველების მხრიდან, საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოსდა მარინე ხატიაშვილს გადახდილი ჰქონდა თანხები დარეჯან დვალისთვის, თითქოს ის უსახლკაროდ რჩებოდა და ზ.აღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.
2018 წლიდან დღემდე აღსრულების ბიუროს მიერ 5-ჯერ მოხდა გამოსახლების გადადება და გადავადება, ჩვენს მიერ საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენდა, მარინე ხატიაშვილისთვის, იმ პირობით, რომ ის ნებაყოფლობით გამოვიდოდა ბინიდან მაშინ დარეჯან დვალი მას საკუთრებაში ჩუქების სახით აძლევდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რაზედაც მან კვლავ უარი განაცხადა.
და ბოლოს, ჩვენს მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ზ.აღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით თუკი ის აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება“, – წერს ადვოკატი Facebook-ზე.