ე.წ. “გლეხურ ბაზარში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს
გურჯაანის ე.წ. “გლეხურ ბაზარში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლები: ივერი წურწუმია, ლევან ზაქარაძე, დავით დანელია და ნიკოლოზ გვენეტაძე 2014 წლის 13 სექტემბერს მივლინებით კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, გურჯაანში, ბაზარში არსებულ სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებში სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურის განხორციელებისას გაირკვა, რომ ი/მ მალხაზ ჩალათაშვილი სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ხორცის რეალიზაციას სალარო აპარატის გარეშე ეწეოდა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.
“სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს გადამხდელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც მიმდებარე ტერტორიაზე მომუშავე მეწარმეების შეკრება და მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს მიზანმიმართულად შეეზღუდათ კანონით დაკისრებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გარდა ამისა, მოვაჭრეები აცხადებდნენ, რომ საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს მთავარი ოფიცრის, დავით დანელიას მიერ მოხდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება, რის შედეგადაც ადგილზე გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია და სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები ივერი წურწუმია და ლევან ზაქარაძე გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. დავით დანელია და ნიკოლოზ გვენეტაძე საკუთარი ნებით გამოცხადდნენ პოლიციის შენობაში. პოლიციის შენობაში ივერი წურწუმიას, ლევან ზაქარაძეს, დავით დანელიას და ნიკოლოზ გვენეტაძეს ჩაუტარდათ ალკოტესტი. ტესტის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში.
ი/მ მალხაზ ჩალათაშვილის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსკ-ის 281 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 270 მუხლის შესაბამისად შეეფარდა სანქცია – გაფრთხილება”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.