ექსტრემალური შიმშილობა – მან უარი თქვა საკვებზე მთელი წლის განმავლობაში

ხანგრძლივი შიმშილობის შესახებ ბევრს სმენია. ბევრს, ასევე, ჰქონია ამის გამოცდილებაც – მაგალითად, ორი კვირა უშიმშილია. საკვებზე უარის თქმა დიდი ხნის განმავლობაში კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს. შიმშილობა ძნელიცაა და ორგანიზმისთვისაც სახიფათოა, ამიტომ ხშირად ამ პროცესს მედიკოსები აკვირდებიან. ანგუს ბარბიერიც, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც რეკორდსმენი ნებაყოფლობით შიმშილში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ მოქმედებდა. მისი ექსპერიმენტი შეიძლება ტრაგიკულად დამთავრებულიყო, მაგრამ ანგუსმა თავი გაართვა და 382 დღის განმავლობაში 125 კილოგრამი დაიკლო.

მოტივირებული მოხალისე

1965 წელს მერიფილდის საავადმყოფოში, ქალაქ დანდიში, ტარდებოდა კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო შიმშილობასთან. მეცნიერებმა გაზეთში გაავრცელეს განცხადება, რომ მათ სჭირდებოდათ შედარებით კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანი. ერთ-ერთ ასეთ განცხადებას გამოეხმაურა ტაიპორტის მკვიდრი ანგუს ბარბიერი. 27 წლის ასაკში ის 207 კილოგრამს იწონიდა, რის გამოც, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უჭირდა, სიარულიც კი.

ახალგაზრდა აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და ექსპერიმენტში ჩართეს. დაგეგმილი იყო, რომ ბარბიერის საკვების გარეშე რამდენიმე კვირა უნდა გაეძლო. მას უნდა მიეღო მხოლოდ სპეციალური სასმელი ამინომჟავებით და წყალი. მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტი დასრულდა, ანგუსმა მედიკოსებს სთხოვა, არ შეეწყვიტათ ექსპერიმენტი. მან ექიმებს უთხრა, რომ სურდა, 80-85 კგ-ზე ჩამოსვლა და ამისთვის ყველაფერზე იყო.

მედიკოსებმა ექსპერიმენტის გაგრძელება გადაწყვიტეს, მაგრამ არა მერიფილდის კლინიკის კედლებში. ანგუს ბარბიერი სახლში გაუშვეს და ექიმები თავად აკითხავდნენ მისი მდგომარეობის შესამოწმებლად. იმის გათვალისწინებით, რომ საკვებზე უარის თქმა რთული იქნებოდა, ახალგაზრდამ თევზის მაღაზიაში მუშაობას თავი დაანება. მან მინიმუმამდე დაიყვანა გარე სამყაროსთან კონტაქტი და ყურადღება გაამახვილა თავის მიზანზე.

როგორ მიმდინარეობდა შიმშილობა

ბარბიერისთვის ყოველგვარი საკვების გარეშე ყოფნა შეუძლებელი იყო, ამიტომ მის რაციონში შედიოდა ვიტამინები, ელექტროლიტები და სასმელები, ნაკლები კალორიულობით, როგორიცაა: ჩაი, ყავა და მინერალური წყალი. ხანდახან, გამონაკლისის შემთხვევაში, ანგუსი თავს აძლევდა უფლებას, მიეღო ერთი ჭიქა რძე ან წყალი, შაქრით.

ანგუსის შიმშილობა 382 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1966 წლის 11 ივლისს დასრულდა. მან თავისი ოცნება აისრულა და 207 კილოგრამიდან 82 კილოგრამამდე დაიკლო. მამაკაცი 125 კილოგრამს გამოესალმა და თავის იდეალურ წონას მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ამ თამამი ექსპერიმენტის შესახებ სპეციალისტთა მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. მაგრამ, 1973 წელს სამეცნიერო ჟურნალმა – Postgraduate Medical Journal – ვრცელი მასალა გამოაქვეყნა ბარბიერისა და მისი შიმშილობის შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, ანგუსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. მისი შრომა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავებას არ გულისხმობს. ყოველდღიურად ბარბიერის ტანჯავდნენ გარშემოწერილობის გაზომვით და ანალიზების ჩატარებით, რაც მედიკოსებს მის ორგანიზმში მიმდინარე პიესებზე აძლევდა ინფორმაციას. 24 საათის განმავლობაში, შარდის შეგროვება, სისხლის ანალიზი და სასწორი, ნახშირწყლების მიმოცვლის კვლევა, გულის რითმის და არტერიული წნევის გაზომვა, ნერვული სისტემის შემოწმება – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანგუსს დრო საერთოდ არ რჩებოდა.

ექსპერიმენტის შედეგები

ექსპერიმენტის ბოლოს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ არავითარი ნეგატიური ცვლილება ანგუსის ორგანიზმში არ მომხდარა. პირველი რამდენიმე თვე ბარბიერი თავს ძალიან მხნედ გრძნობდა და ხანდახან საკუთარი მამის თევზის მაღაზიაში მიდიოდა დასახმარებლად, მაგრამ ძალიან მალე მან შეწყვიტა იქ სიარული, რაც ახნა იმით, რომ ეშინოდა, ცდუნებისთვის ვერ გაეძლო და დახლიდან რამე შეეჭამა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, ვინც კვლევის ავტორებს და ბარბიერის ტყუილში ადანაშაულებდა. ეს ადამიანები, რომელთა შორის იყვნენ მედიცინის მუშაკებიც, ამტკიცებდნენ, რომ ადამიანს წელიწადზე მეტხანს საკვების გარეშე გაძლება არ შეუძლია. არსებობდნენ ისეთებიც, ვინ ამტკიცებდა, რომ ანგუსი ჩუმად ჭამდა საჭმელს და ექიმებს უმალავდა. ეს ვარიანტიც გამოირიცხა, რადგან ბარბიერის რეგულარულად უღებდნენ სისხლს ბიოქიმიური ანალიზისთვის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. ორგანიზმის ნებისმიერი რეაქცია, რომელიც საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული, მაშინვე დაფიქსირდებოდა.

ანგუს ბარბიერი 1990 წელს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ის არაა დაკავშირებული ჭარბ წონასთან. მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში ყურადღებას აქცევდა თავის ფიგურას და მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ოდნავ მოიმატა. დღემდე ბარბიერის ექსპერიმენტი შიმშილობის კლასიკად ითვლება და მთელი მსოფლიოს სპეციალისტების შესწავლის საგანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები