„ჩვენ დაგმარხავთ!“ – შეცდომები თარგმანში, რომლებმაც დამღუპველი შედეგები გამოიწვია
ზოგჯერ ზუსტ და სწორ თარგმანზე ბევრად მეტია დამოკიდებული, ვიდრე უბრალოდ თანამოსაუბრის ინფორმირებაა… მოგიყვებით რამდენიმე ამბავს, რომლებიც ამას ნათლად ადასტურებს.
თუ თარჯიმნები განსხვავებულად იმუშავებდნენ, ამ შემთხვევებში, მრავალი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
არასწორი თარგმანის გამო, აშშ-სა და სსრკ-ს შორის კინაღამ ომი დაიწყო
ნიკიტა ხრუშჩოვი ყოველთვის განთქმული იყო თავისი ფეთქებადი ხასიათით. სსრკ-ს გენერალური მდივანი საჯარო გამოსვლების დროს ხშირად იყენებდა უცხოელი კოლეგებისთვის უცნობ იდიომებს. ამიტომ, მათი თარგმნისას ხშირად იქმნებოდა სირთულეები.
მაგალითად, ხრუშჩვის ფრაზა – „პროლეტარიატი კაპიტალიზმის მესაფლავეა“, თარჯიმანმა სიტყვასიტყვით თარგმნა, როგორც – „ჩვენ დაგმარხავთ!“. წარმოიდგინეთ ამერიკელების გაოცება, როდესაც მათ ასეთი მუქარით მიმართეს.
„We will bury you!!” – ეს სიტყვები მომენტალურად გავრცელდა ყველა გაზეთში და თითქმის, ომის დაწყება გამოიწვია. საბედნიეროდ, საბჭოთა დიპლომატებმა დროულად გადაჭრეს პრობლემა და ახსნეს, რომ ეს ფრაზა უნდა ეთარგმნა, როგორც „We shall be present at your funeral“ – „ჩვენ დავესწრებით თქვენს დაკრძალვას” ან „We shall outlive you„ – “ჩვენ თქვენზე მეტს ვიცოცხლებთ”.
მოგვიანებით ხრუშჩოვმა თავად მოიხადა ბოდიში საკუთარი სიტყვებისთვის. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ის არავისთვის აპირებდა დამუქრებას, მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ სოციალისტურ რეჟიმს კაპიტალისტურ რეჟიმზე მეტი სიცოცხლისუნარიანობა აქვს. სსრკ-ს გენერალურმა მდივანმა, ცხადია, არ ისწავლა საკუთარ შეცდომებზე… უკვე 1959 წელს, გაეროში გამოსვლაზე თქვა, რომ ამერიკელებს უჩვენებდა „კუზკას დედას”. მთარგმნელმა ვერ შეძლო სწორად ეთარგმნა ეს იდიომი და სიტყვასიტყვით თქვა – „ჩვენ გიჩვენებთ კუზკას დედას” (we shall show you Kuzka’s mother – რაც რუსულად ნიშნავს – „სეირს გიჩვენებთ“). აშშ-ში კი ეგონათ, რომ იდუმალი „კუზკას დედა” სსრკ-ს ახალი ბირთვული იარაღი უნდა ყოფილიყო და ხრუშჩოვი მისი დემონსტრირებით იმუქრებოდა.
თარგმანის შეცდომამ გამოიწვია ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა
1945 წლის 26 ივლისს, პოტსდამის კონფერენციის შემდეგ, მსოფლიოს ისტორიაში არასწორი თარგმანის შედეგად ყველაზე ფატალური შეცდომა მოხდა. დეკლარაციში იაპონიის იმპერიას, ულტიმატუმის სახით, წამოუყენეს მოთხოვნა მეორე მსოფლიო ომში დანებების შესახებ. უარის შემთხვევაში, მათ „სრული განადგურება“ ემუქრებოდათ. რამდენიმე დღის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი კანტარო სუზუკი ჟურნალისტებმა გამოიჭირეს და დაუწყეს გამოკითხვა, რას ფიქრობდა ამის შესახებ. პოლიტიკოსმა უპასუხა: „Mokusatsu suru“, რაც ერთ თარგმანში ნიშნავს „მნიშვნელობის არ მინიჭებას“, მეორეში – „ბრძნულ დუმილს, პასუხზე ფიქრს“. ამ სიტყვებით, სუზუკის სურდა ეთქვა, რომ იაპონიას არ სურს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება და ჯერჯერობით ნეიტრალურობა ურჩევნია.
თუმცა, მეორე დღესვე ყველა ამერიკული გაზეთი აჭრელებული იყო სათაურებით, რომ იაპონიამ გადაწყვიტა უგულებელყოს პოტსდამის კონფერენციის მოთხოვნები. მინისტრის სიტყვები დამახინჯებული იყო შეერთებული შტატებისადმი მტრულ კონტექსტში, თუმცა სულ სხვა რამ იგულისხმებოდა. თავიანთი უპირატესობის დასამტკიცებლად, ამერიკელებმა ატომური ბომბი ესროლეს მტრის ორ უდიდეს ქალაქს – ჰიროსიმასა და ნაგასაკის.